1.1 მლნ დოლარი დღეში - რა უჯდება რუსეთის ბიუჯეტს პუტინის შენახვა

მსოფლიო 1759910307
პუტინი

პუტინისა და მისი ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი გადასახადის რუსი გადამხდელებისთვის 2026 წელს კვლავ გაიზრდება. ამის შესახებ ბიუჯეტის კანონპროექტში წერია, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ერთიან მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა - ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, „პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ფუნქციონირების“ ხარჯი 32.917 მლრდ რუბლს (401.8 მლნ დოლარს) შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 2.74 მლრდ რუბლს (33.5 მლნ დოლარს), კვირაში 633 მილიონს (7.7 მლნ დოლარს), ხოლო დღეში 90 მლნ რუბლს (1.1 მლნ დოლარს) შეადგენს.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულ 30.926 მლრდ რუბლის (377.5 მლნ დოლარის) ოდენობის ხარჯთან შედარებით, მომავალ წელს პუტინის შენახვის ხარჯი, თითქმის, 2 მლრდ რუბლით (24.5 მლნ დოლარით) იზრდება და რუსეთის ღარიბი რეგიონების წლიურ ბიუჯეტზე მეტი ჯდება. მაგალითად, ყალმუხეთის ბიუჯეტი 28.8 მილიარდს (351.6 მლნ დოლარს), ხოლო ებრაული ავტონომიურ ოლქის ბიუჯეტი 24.2 მლრდ რუბლს (297.8 მლნ დოლარს) შეადგენს.

ასევე, 2027 წელს პუტინისა და მისი ადმინისტრაციის დაფინანსება დამატებით 809 მლნ რუბლით (9.9 მლნ დოლარით) გაიზრდება და 33.726 მლრდ რუბლს (412 მლნ დოლარს) მიაღწევს, ხოლო 2028 წელს პუტინის შენახვა რუსებს კიდევ 906 მილიონი რუბლით (11 მლნ დოლარით) მეტი, ანუ 34.632 მლრდ რუბლამდე (423.7 მლნ დოლარამდე) დაუჯდებათ.

სამთავრობო აპარატის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და მისი მოადგილეების ხარჯი მომავალ წელს, თითქმის, 1 მლრდ რუბლით (12.2 მლნ დოლარით), ანუ 13 მლრდ რუბლამდე (159 მლნ დოლარამდე) იზრდება. ასევე, მომდევნო ორ წელიწადში ხარჯი იგივე რაოდენობით გაიზრდება და 2027 წელს 13.48 მილიარდს (164.8 მლნ დოლარს), ხოლო 2028 წელს 13.95 მლრდ რუბლს (170.5 მლნ დოლარს) შეადგენს.

მთლიანობაში, პროექტის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის საერთო ხარჯი მომავალ წელს 1.2 ტრილიონით (14.7 მლრდ დოლარით), ანუ 44 ტრლნ რუბლამდე (538 მლრდ დოლარამდე) გაიზრდება, ხოლო შემოსავალი 40.3 ტრლნ რუბლს (492.7 მლრდ დოლარს) შეადგენს. ეს ხაზინაში 3.7 ტრლნ რუბლის (45.2 მლრდ დოლარის) დეფიციტს გააჩენს.

დეფიციტმა წელს ნომინალური თვალსაზრისით კოვიდპანდემიის დროინდელი რეკორდი მოხსნა. მის დასაფარად ხელისუფლება დღგ-ის 20%-დან 22%-მდე გაზრდას და მცირე ბიზნესისთვის რადიკალური საგადასახადო რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რაც გამარტივებული საგადასახადო სისტემის ზღვრის შემცირებას წლიური შემოსავლის 60 მილიონიდან 10 მლნ რუბლამდე (733.5-დან 122.3 მლნ დოლარამდე) გულისხმობს.

www.bpn.ge