ქართული ლეღვის 99% ექსპორტზე რუსეთში გავიდა - როგორია საშუალო ფასი

ლეღვი

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ლეღვის ექსპორტი წლიურად თითქმის 10%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა საქსტატის მონაცემებიდან.

კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 1.356 მილიონი დოლარის (ჯამში 1 032 ტონა) ღირებულების ქართული ლეღვი. ეს კი მაშინ, როცა შარშან 1.234 მლნ დოლარის ღირებულების (სულ 972 ტონა) ლეღვის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით, ქართული ლეღვის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე მცირედით გაიზარდა. უფრო დეტალურად, წელს 1 კგ-ის ექსპორტი საშუალოდ 1.31 დოლარი ჯდებოდა, შარშან კი 1.27 დოლარის ფარგლებში იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ლეღვის ძირითად საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, რუსეთის წილი წელს ლეღვის ექსპორტში თითქმის 99%-ს შეადგენდა.

უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში 1.342 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1017 ტონა ლეღვის ექსპორტი განხორციელდა.

გარდა რუსეთისა, წელს ლეღვი გავიდა სომხეთის ბაზარზეც. კერძოდ, ამ შემთხვევაში ექსპორტირებულია 13.7 ათასი დოლარის 15 ტონა ლეღვი.