„ქათმის ფეხები ჩინეთში ითვლება დელიკატესად - საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები თუ გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები“

ქათმის ფეხები

„საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მხოლოდ ქათმის ფეხების გატანაა შესაძლებელი“, - ასე შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო საკუთარ ბაზარზე ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოებით მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე, სხვა ტიპის ქათმის ხორცის გატანის რესურსი ქვეყანას საზღვრებს გარეთ არ აქვს.

„ერთადერთი რაზეც არის საუბარი, ეს არის ქათმის ფეხები. ჩვენთან არ არის დიდად მოთხოვნადი და ჩინეთში ითვლება დელიკატესად. მაგათი სამზარეულოსთვის ძალიან სასურველი პროდუქტია. შესაბამისად, თუ რამე მსგავსი მოხდა, რომ საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები.

ამ ფეხს რომ არც ფასი ჰქონდა და რაღაც კუთხით თავის ტკივილიც იყო სად წაეღოთ. თუ გამოჩნდება სერიოზული მყიდველი და ალბათ სერიოზულ თანხასაც გადაიხდის, შეიძლება ადგილობრივ მწარმოებლებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ გაზარდონ წარმოება. ეს იმიტომ, რომ გაუიაფებს ტან-ფეხს. ფეხი რომ გაიყიდება და ყულაბაში რაღაც თანხას შემოიტანს, შეიძლება საინტერესო გახდეს უკვე ხორცის წარმოებაც. რაღაც პატარა სტიმულივით მისცემს მწარმოებელს.

რაც შეეხება ქათმის ხორცის სხვა ნაწილებს, ჩვენი პროდუქციით თავად ვერ ვიკმაყოფილებთ მოთხოვნის 30%-ს. აქედან გამომდინარე, არ მგონია ვინმემ რაიმე სხვა ჩინეთში გაიტანოს და ქართული ბაზარი ისე დატოვოს“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელოს.