1746424757
„ქვეყანაში 25000-მდე არალეგალი მიგრანტია - ჩვენი მოქალაქეები მასობრივად არიან გასული და ეს სიცარიელე სხვა ქვეყნებიდან ივსება “

საქართველოს შრომით ბაზარზე უცხოელი მიგრანტების სიჭარბეა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრო უცხოელი მიგრანტების დასაქმების საკითხის რეგულირებაზე მუშაობს. "იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ ნაწილში გაუმართავია, იყო შემთხვევები, როცა სამუშაო ქართველმა დასაქმებულებმა დაკარგეს და მათი ადგილი უცხოელებმა დაიკავეს", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. როგორც შსს იუწყება, დღეისთვის ქვეყანაში 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია. რომელი ქვეყნებიდან მოდიან, რას საქმიანობენ ისინი ჩვენთან და რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძესთან.- ეს არის ნაწილი იმ ზოგადი პრობლემისა, რაც უკავშირდება გლობალიზაციის პირობებში მოსახლეობის მობილურობის ზრდას. ტექნიკა, ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ადამიანები სწრაფად გადაადგილდნენ არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ სახელმწიფოთა შორისაც. ამას ხელს უწყობს როგორც სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, ისე მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის მატებაც, თანაც ეს არის, ასე ვთქვათ, ქუჩა ორმხრივი მოძრაობით. საქართველოს მოქალაქეები მასობრივად არიან გასული ქვეყნიდან და ეს სიცარიელე ივსება სხვა, შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებსაც საქართველოსთან ნაკლები შეხება აქვთ კულტურული, ისტორიული, ეთნოფსიქოლოგიური ნიშნებით და ეს გარკვეული საფრთხის მატარებელია მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.
- რას გულისხმობთ?
- შემიძლია ერთი რიცხვი დაგისახელოთ: დაბადებულთა და გარდაცვალებათა შორის სხვაობამ ამ საუკუნეში - 2001-დან 2024 წლის ჩათვლით, მხოლოდ 5,8 ათასი შეადგინა. დაიბადა 1 283 400 ბავშვი და იმავე პერიოდში გარდაიცვალა 1 177 600 კაცი. ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის უარყოფითი სალდო, ანუ გარდაცვალებათა მეტობა დაბადებაზე, არის 31 800. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე დღეისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა - ანუ ჩავთვალოთ, რომ 5 წელიწადში ერთი მუნიციპალიტეტისხელა მოსახლეობა დააკლდა საქართველოს მხოლოდ ბუნებრივი მოძრაობის გამო. ამასთან, არის კიდევ მიგრაციული ფაქტორი.
2001-2024 წლის ჩათვლით, საქართველოდან გავიდა დაახლოებით 400 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა. შედარებისათვის: ეს არის დაახლოებით 150 ათასით იმაზე მეტი, ვიდრე იყო ტყვეთა გაყიდვის შედეგად საქართველოს დემოგრაფიული ზარალი მთელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში - XVII საუკუნის შუახანებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე.
- ეს ფაქტორები ნამდვილად დამაფიქრებელია. რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას, ამასთან დაკავშირებით რა მონაცემები გაქვთ?
- საქართველოში შემოდის სხვა ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე გადის. ეს ტენდენცია წლიდან წლამდე შენარჩუნებულია. სამწუხაროდ, საუკუნის დამდეგს სათანადო სტატისტიკის არარსებობის გამო ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არ არის და შესაძლოა ესეც არის იმის განმაპირობებელი, რომ დაუზუსტებელი მონაცემები არსებობს ემიგრაციაზეც. მაგრამ რომ ავიღოთ 2012 წლის შემდგომი პერიოდი, ამის მიხედვით საქართველოში შემოვიდა 272 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე გავიდა. რამდენი იყო მანამდე და როგორია ფაქტობრივი მდგომარეობა, ძნელი საკითხავია.
თბილისი ყოველთვის იყო მულტიკულტურული და მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქალაქი, მაგრამ ახლა იგრძნობა მულტირასობრივ ქალაქად მისი ტრანსფორმირება და ამას თანამდევი შედეგებიც მოჰყვება.
განსხვავებული მენტალიტეტის, ფსიქიკის, ფასეულობათა მქონე პირთა მომძლავრებით შესაძლოა დისკომფორტი შეიქმნას მკვიდრი მოსახლეობისთვის. ჩვენი მოსახლეობის ბუნებრივი მატების ტემპი რომ საკმაოდ სწრაფი იყოს და მოსახლეობის რიცხოვნობა კი არ იკლებდეს, არამედ სოლიდურად მატულობდეს, ეს შესაძლოა ნაკლებად დამაზიანებელი ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება, ცალკეული წლების მიხედვით, პირიქით, მცირდება, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ნეგატიურია, ასეთ პირობებში უცხო კულტურისა და ფასეულობების წარმომადგენელთა მომატება ქვეყანაში სერიოზული საფრთხის მატარებელია როგორც დემოგრაფიული, ისე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით.
- როგორც ითქვა, შემოსულთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება ჩვენს ქვეყანაში. როგორ ხვდებიან აქ?
- უვიზო რეჟიმით ჩამოსვლის შემთხვევაში აღრიცხვიანობის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო, ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება. ეს დამახასიათებელია თანამედროვე ეპოქისთვის, არა მარტო დემოკრატიული ქვეყნებისთვის, არამედ ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვისაც, როგორიც ჩინეთია. ერთ-ერთი ბოლო აღწერის დროს ხელმეორე, საკონტროლო ჩამოვლის შედეგად ჩინეთში აღმოაჩინეს დამატებით 65 მილიონი კაცი პირვანდელ აღწერასთან შედარებით და ახლა იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით მკაცრად დგანან ავტორიტარული რეჟიმის სადარაჯოზე, იქ რომ ასეთი პრობლემებია, ჩვენთან, სადაც გაცილებით ლიბერალურია შემოსვლა-გასვლის რეჟიმი, ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო.
ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რა გვეშველება, არამედ იმაზე, რომ არალეგალურად და ლეგალურად შემოსულებმა არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, მშვიდობას, ქვეყნის განვითარების მოდელს.
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აღნიშნავდა, რომ არალეგალურად მცხოვრებთა რიცხვი 20-25 ათასია. სად საქმდებიან ისინი?
- დასაქმებული არიან შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ ან გაცილებით მობილურ საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს შედარებით მაღალ კვალიფიკაციას, ენის სრულყოფილად ცოდნას. ასეთი სიტუაცია დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისთვის. თავის დროზე ამ პრობლემის წინაშე დადგნენ გერმანია, საფრანგეთი და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეძლო 90-იან წლებში თავის დაძვრენა, განვითარება, დღეს მოსახლეობის 1 სულზე წარმოებული სამამულო პროდუქტის სიდიდე, მყიდველობითუნარიანობის პარიტეტით, საშუალო მსოფლიო დონეს დაახლოებით 25%-ით აღემატება, მაშინ როდესაც 2012 წელს 30%-ით ჩამორჩებოდა, ეს არის გარკვეული მიმზიდველობის ფაქტორი შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან აქ ჩამოსასვლელად. როგორც საქართველოდან მიდიან შედარებით განვითარებულ ქვეყნებში იმისთვის, რომ მეტი შემოსავლის მიღებით გადაჭრან პრობლემები, საბანკო სესხით დაწყებული, ბიზნესის წამოწყებით დამთავრებული და ა.შ., ასევე საქართველო გახდა ამ მიმართულებით საინტერესო სივრცე, შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ყოველი მე-5 სტუდენტი უცხოური წარმომავლობისაა. დაახლოებით 40 ათასამდე სტუდენტია, მაშინ როდესაც 5 წლის წინ მათი წილი 10%-ზე ნაკლები იყო. მეორე მხრივ, ეს კონტინგენტი საქართველოში შემოდის არა მარტო იმიტომ, რომ ფინანსური ხარჯის პოტენციალი აქვს ბინის დაქირავების, კვების, ტრანსპორტირების და რიგი სხვა მიმართულებით, არამედ იმისთვის, რომ ეს კონტინგენტი ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტების ნაწილის მსგავსად, ცდილობს დასაქმდეს და ამით ცხოვრების პირობები მეტ-ნაკლებად გაიუმჯობესოს. ამიტომ, ვფიქრობ, დასაქმებულთა რაოდენობაში უცხოელი კონტინგენტი უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი, ვიდრე ზემოთ დასახელებული არალეგალების რაოდენობა.
ძირითადად, რა სამუშაოებზეა საუბარი? პირადი დაკვირვებით თუ ვიტყვი, ხშირად შემხვედრიან კურიერები - ამ სფეროში ყველაზე მეტი დასაქმებულია, თუმცა შესაძლოა იყვნენ სატრანსპორტო მომსახურებითაც დაკავებული, არა მარტო მგზავრების გადაყვანის, არამედ ტვირთების გადატანისა და რიგი სხვა ასპექტების მიხედვით.
- რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ, რათა ადგილობრივებს დასაქმებაში არალეგალებმა, რომლებიც დაბალ ანაზღაურებაზეც არ ამბობენ უარს, არ შეუქმნან პრობლემა?
- ევროკავშირში უცხოელს შეუძლია ლეგალურად დასაქმდეს, თუ გამოცხადებული ვაკანსიით ქვეყნის მოქალაქე არ დაინტერესდება... ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხერხდება არაფორმალური დასაქმების, მათ შორის უცხოელი შრომითი მიგრანტების აბსოლუტური შეზღუდვა. ამგვარი დასაქმება დამქირავებლისა და დაქირავებულის ეკონომიკური ინტერესების თანხვდენაზე გადის. ხშირად ეკონომიკური ინტერესები სძალავს სახელმწიფოებრივ და პატრიოტულ ინტერესებს. ეს მოცემულობაა და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მთავარია, არ მიიღოს სახიფათო მასშტაბი. შედეგი უნდა იყოს ერთი - მინიმუმამდე შემცირდეს არაფორმალური დასაქმება, მონიტორინგი უცხოელ შრომით მიგრანტებზე და მათი დასაქმების დროს არ იყოს უგულებელყოფილი ადგილობრივ დასაქმებულთა ინტერესები. არა მარტო ლეგალურ და არალეგალურ შრომით მიგრანტებზეა საუბარი, არამედ მსხვილმასშტაბიანი პროექტების რეალიზაციის დროს გასათვალისწინებელ საკითხებზეც. ახლა, მაგალითად, რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმების ანალოგიურად კიდევ სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტების რეალიზაცია მოგვიხდება და ამიტომ მკაცრად უნდა განისაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის დონე, ხელფასის თანაფარდობა და ა.შ. რიგი პარამეტრები, სადაც მაქსიმალურად იქნება ადგილობრივი კონტინგენტის ინტერესები გათვალისწინებული. ეს მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები შრომითი დასაქმების სფეროში იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული.