1750231040
რა არის ცნობილი წარმოშობით ქართველ ბლეიზ მეტრეველზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს?

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად, ქართული წარმოშობის 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.
ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მეტრეველის "ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
“ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. დიდი ბრიტანეთი უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას, იქნება ეს აგრესორებისგან, რომლებიც ჩვენს წყლებში ჯაშუშურ გემებს გზავნიან თუ ჰაკერებისგან, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მან.
- ბლეზ მეტრეველი, კარიერული დაზვერვის ოფიცერია, რომელიც სამსახურს 1999 წელს შეუერთდა. ის სერ რიჩარდ მურს დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ოქტომბერში შეცვლის და დაზვერვის სამსახურის მე-18 უფროსი გახდება. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 47 წლის მეტრეველი ამჟამად MI6-ის Q დეპარტამენტის გენერალური დირექტორია, რომელიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი. მანამდე კი შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტოში, დირექტორის დონის სხვა თანამდებობებს იკავებდა.
მედიის ინფორმაციით, მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. ის ანთროპოლოგიას სწავლობდა.
მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. იძებნება მისი ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც მეტრეველმა სამი წლის წინ Financial Times-ს მისცა (ის სტატიაში ანონიმურად არის მოხსენიებული, ფსევდონიმით - “ადა“).
"ინტერვიუსი მეტრეველმა აღიარა, რომ ბავშვობაშიც კი, ჯაშუშობა იყო ერთადერთი სამსახური, რაზეც ოცნებობდა,“ - წერს გამოცემა.
ის გასულ წელს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდ-კომანდორად დაინიშნა.
bpn.ge