რამდენი მილიონი გამოიმუშავეს დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ საათების, კრიპტოვალუტების, ტოკენების და სხვა გაყიდვებიდან

ტრამპი

ივნისში გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჯახის კრიპტოვალუტის საწარმოდან, კერძო გოლფის მოედნებიდან და სხვა ნაწარმის რეალიზებით - ბიბლიებიდან დაწყებული საათებით დამთავრებული, მილიონები გამოიმუშავა.

„ბიზნეს იმპერიის გასაფართოებლად, თავისი პოლიტიკური პოპულარობით ისარგებლა,“ - წერს CNN.

ტრამპის მიერ გაცხადებული ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო იყო 57 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გაყიდვა WLF Holdco LLC-ის მეშვეობით. WLF არის ტრამპების ოჯახის კრიპტოვალუტის კომპანია, მას პრეზიდენტის ვაჟები მართავენ. თავად ტრამპი კი ფლობს 1-დან 5 მილიონ დოლარამდე “ეთერიუმს“.

დოკუმენტებში, რომელიც 230-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ასახულია შემოსავლები მას შემდეგ რაც ტრამპი იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნდა.

ტრამპის აქტივები ინახება ტრასტში, რომელსაც მისი შვილები მართავენ. Trump Organization-მა წელს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას კომპანიის ყოველდღიურ მართვაში. თუმცა, ის კვლავ სარგებლობს თავისი უზარმაზარი უძრავი ქონებისა და ბრენდინგის იმპერიით.

დოკუმენტები აჩვენებს, რომ ლიცენზიის მქონე კომპანიებმა, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს დონალდ ტრამპის სახელის, იმიჯისა და მსგავსების გამოყენებით, (სპორტული ფეხსაცმლიდან დაწყებული საათებით დამთავრებული), ტრამპს მილიონობით ჰონორარი მოუტანა.

ფრაზის წარმოთქმით - “ღმერთმა დალოცოს აშშ“, ტრამპმა 1.3 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მხარდამჭერებს მოუწოდებდა ბიბლიის შეძენისკენ, რათა „ამერიკამ კვლავ ილოცოს“. მას შემდეგ ბიბლიის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.

პრეზიდენტმა ასევე 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ტრამპის სპორტული ფეხსაცმლისა და სუნამოების გაყიდვიდან, ხოლო 2.8 მილიონი დოლარი „ტრამპის საათების“ გაყიდვიდან.

დოკუმენტში ასევე ასახულია დამატებითი ინფორმაცია პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჰონორარებზე, რომელიც მან გასული წლის საარჩევნო კამპანიის დროს გამოიმუშავა.

ნიუ-იორკში, კონსერვატიული ლგბტქ ჯგუფის წინაშე გამოსვლისთვის, მელანიას 475 000 აშშ დოლარი გადაუხადეს.

ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილში პალმ-ბიჩში გამოსვლისთვის, მელანია ტრამპს 237 500 აშშ დოლარი გადაუხადეს.

მან ასევე დაახლოებით 217 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა NFT-ების, ანუ არაგაცვლადი ტოკენების გაყიდვით.

წყარო: cnn.com