1741781907
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 60%-ით გაიზარდა

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის წლის დასაწყისიდან დაგროვილი დეფიციტი თებერვლის ბოლოსთვის, თითქმის, 60%-ით გაიზარდა, რაც ხარჯების მკვეთრმა ზრდამ და ნავთობ-გაზის შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წინასწარ მონაცემებში წერია.
წლის პირველი ორი თვის შედეგების მიხედვით, ხარჯმა შემოსავალს 2,7 ტრლნ რუბლით (დაახლოებით, 31,3 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 1,3%-ით გადააჭარბა, მაშინ, როცა ბიუჯეტში წლიური დეფიციტი 1,17 ტრლნ რუბლით (დაახლოებით, 13,6 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 0,5%-ით არის გათვალისწინებული.
იანვარში ბიუჯეტი 1,7 ტრლნ რუბლის (დაახლოებით, 19,8 მლრდ დოლარის) დეფიციტით, ანუ მშპ-ის 0,8%-ით შესრულდა. ამდენად, თებერვალში ხაზინაში არსებული ხვრელი შესაძლოა, 995 მლრდ რუბლს (დაახლოებით, 11,5 მლრდ დოლარს) შეადგენდეს.
ორ თვეში დეფიციტი 2,5-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, როცა მან 1,13 ტრლნ რუბლი (დაახლოებით, 13,1 მლრდ დოლარი), მშპ-ის 0,6% შეადგინა.
სახაზინო ხარჯმა წლის დასაწყისიდან 8,05 ტრლნ რუბლს (დაახლოებით, 93,4 მლრდ დოლარს) მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,6%-ით გაიზარდა. იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ წლიური ხარჯის ასიგნებების ანუ 41,47 ტრლნ რუბლის (დაახლოებით, 481,3 მლრდ დოლარის), თითქმის, მეხუთედი დახარჯა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მოსკოვმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს დეფიციტი 3 ტრლნ რუბლამდე (დაახლოებით, 34,8 მლრდ დოლარამდე), ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 2%-მდე გაეზარდა, რასაც ფინანსთა სამინისტრო შიდა სესხებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ფარავს. ამ ფონდის ლიკვიდური ნაწილი ამ დროის განმავლობაში ორი-მესამედით შემცირდა. წელს ფინანსთა სამინისტრო ხაზინაში არსებული ხვრელის შემცირებას ბიზნესისა და მოქალაქეების გადასახადების ზრდით, ასევე, სოციალური დანახარჯების რეალური შემცირებით გეგმავს.
თუმცა ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა, ხელისუფლების გეგმებს ხელი შეუშალოს. ნავთობის ფასი 2021 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. კერძოდ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში Urals-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 61,69 დოლარი იყო, მაშინ, როცა ბიუჯეტი ბარელზე 69,7 დოლარის პროგნოზის საფუძველზე არის შედგენილი.
ამასთან, Urals-ის რუბლის ფასი თებერვალში საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვისას დადგენილ ორიენტირზე, თითქმის, 15%-ით დაბალი იყო.
შედეგად, ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს, ორი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით, 1,56 ტრლნ რუბლამდე (18,1 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.
ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ თუ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ბარელზე, დაახლოებით, 60 დოლარზე დარჩება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა, დაგეგმილ პარამეტრებს გადააჭარბოს.
bpn.ge