1742542533
აშშ-ის მთავრობა ბიტკოინებს აღარ გაყიდის - ტრამპი

აშშ-ის მთავრობა, დაახლოებით, 200 000 ბიტკოინს ფლობს. ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კრიპტოვალუტებისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
„ფედერალური მთავრობა უკვე ბიტკოინის უმსხვილეს მფლობელთა შორისაა. ეს სახსრები ახალი ფედერალური სარეზერვო სისტემის საფუძველი გახდება,“ - ხაზგასმით ამბობს ტრამპი.
ამასთან, მან თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციები, განსაკუთრებით კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ათიათასობით ბიტკოინის გაყიდვის” გამო გააკრიტიკა, მაშინ, როცა პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ეს ბიტკოინები აშშ-ს მილიარდობით დოლარს მოუტანდა.
ტრამპი ამბობს, რომ ამიერიდან აშშ-ის მთავრობა „ბიტკოინებს აღარ გაყიდის.“
“არ ვიცი და არც არავინ იცის, ეს სწორია თუ არა, მაგრამ აქამდე ეს მიდგომა მუშაობდა,” - ამბობს ტრამპი.
მისი თქმით, აშშ-ს სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტები „რეზერვისთვის ბიტკოინების დაგროვების დამატებით გზებს შეისწავლიან“.
მანამდე ტრამპმა კრიპტოვალუტის სტრატეგიული რეზერვის ფორმირების აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ამ მომენტისთვის ბიტკოინის ფასი 82 556 დოლარია.
bpn.ge