ტრამპის ქონება ერთ დღეში $300 მილიონით შემცირდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება ორშაბათს თითქმის $300 მილიონით შემცირდა. ეს მისი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების 11%-ზე მეტით გაუფასურებამ და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლამ განაპირობა.

დონალდ ტრამპის ქონება 10 მარტის საღამოს 296 მილიონი დოლარით დაეცა და 4.6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან, როდესაც მისი სიმდიდრე Trump Media-ს აქციების გაძვირების ფონზე გაიზარდა, ტრამპი 2.4 მილიარდი დოლარით არის გაღარიბებული.

ამ შემთხვევაშიც, აშშ-ის პრეზიდენტის სიმდიდრის ცვლილება Trump Media-ს უკავშირდება. კერძოდ, კომპანიის აქციების ფასის 11.4%-ით შემცირებას, რის შემდეგაც ერთი აქციის ფასმა $19,92-მდე შეადგინა. ეს გასული ხუთი თვის განმავლობაში Trump Media-ს აქციების ყველაზე დაბალი სავაჭრო ფასია.

საერთო ჯამში, Trump Media-ს აქციების ფასი 2025 წელს 41%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში აქციების ღირებულება $34,02-მდე აღწევდა.

Trump Media-ს აქციების ღირებულების ვარდნა საფონდო ბირჟებზე ფასების შემცირების პარალელურად მოხდა – S&P 500 ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა, Nasdaq-ი – 4%-ით და Dow Jones Industrial Average – 2.1%-ით შემცირდა. ეს ვარდნა კი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ დონალდ ტრამპმა კვირას Fox News-თან ინტერვიუში 2025 წელს ქვეყანაში რეცესია არ გამორიცხა.