საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და დედაქალაქში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა მომატებულია - გარემოს ეროვნული სააგენტო

თბილისი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.