სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 ათასმა ადამიანმა იმგზავრა - „როსავიაცია“

სოხუმის აეროპორტი

რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 000-მა ადამიანმა იმგზავრა. ამის შესახებ “როსავიაციის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აქაც გვაქვს შედეგები: უპირველეს ყოვლისა ეს არის აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რომლითაც უკვე 70 000 მგზავრი იქნა გადაყვანილი,” - ამბობს იადროვი.

მისი ცნობით, რუსეთს ამჟამად საჰაერო მიმოსვლა 38 ქვეყანასთან აქვს, რომელთა შორისაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც მოიხსენიებს.

ცნობისთვის: ამჟამად რუსეთიდან სოხუმში ტრანსფერის გარეშე ჩაფრენა ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან არის შესაძლებელი, როგორიც არის მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ხანტი-მანსი და სარატოვი. „პულკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირდაპირ რეისების დაწყების შემდეგ ბოლოს ამ სიას სანქტ-პეტერბურგიც დაემატა.

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 2025 წლის 1-ლი მაისიდან აღდგა. სოხუმში ამჟამად სანქცირებული ავიაკომპანიები, UVT Aero, „იკარი,” iFly და „რუსლაინი” დაფრინავენ. მათ შესაძლოა, Nordwind Airlines-იც დაემატოს. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალება. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი,“ Скол და სხვ.

უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.