„ნედლეული მომსახურების სანაცვლოდ“ - სანქციებმა რუსეთში 1990-იანების ბარტერული ვაჭრობა აღადგინა

მსოფლიო 1758019349
ნედლეული მომსახურების სანაცვლოდ

რუსეთში 1990-იანი წლების შემდეგ პირველად საგარეო ვაჭრობაში ბარტერი კვლავ იმპულსს იძენს, რადგან კომპანიები დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ. ამის შესახებ Reuters წერს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ბარტერის დაბრუნება მიუთითებს უცხოური ვალუტით ანგარიშსწორების პრობლემებზე, რაც რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვასა და ჩინური ბანკების წინააღმდეგ მეორადი სანქციების რისკს მოჰყვა.

შედეგად კომპანიებმა საქონლის პირდაპირი გაცვლა დაიწყეს: მაგალითად, რუსული მარცვლეული ჩინურ ავტომობილებში, ხოლო სელის თესლი სამშენებლო მასალებში იცვლება.

მეტიც, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ „საგარეო ვაჭრობის ბარტერული ტრანზაქციების სახელმძღვანელოც“ მოამზადა და ასეთი ტრანზაქციებისთვის სპეციალური ბირჟის შექმნაც სურს.

Reuters წერს, რომ მხოლოდ წელს, სულ მცირე, რვა ასეთი ტრანზაქცია დაფიქსირდა. მათ შორის არის რუსული ხორბლის ჩინურ ავტომობილებში, სელის თესლის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამშენებლო მასალებში გაცვლის გარიგებები, ასევე, რუსული ლითონის მიწოდება ჩინური აღჭურვილობის სანაცვლოდ.

ანალიტიკოსები ბარტერის მასშტაბის შესაძლო მაჩვენებელს უკავშირებენ რუსეთის ცენტრალური ბანკის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკასა და ქვეყნის საბაჟო სამსახურის მონაცემებს შორის მზარდ შეუსაბამობას, რამაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 7 მლრდ დოლარს მიაღწია. მაგალითად, Reuters-ის წყაროების ცნობით, 2024 წელს დადებული ერთ-ერთი ბარტერული გარიგება, დაახლოებით, 100 000 დოლარად შეფასდა.

სააგენტოს შეფასებით, რუსეთში ბარტერმა 1990-იან წლებში ეკონომიკური ქაოსი და ფასების მრავალრიცხოვანი მაქინაცია გამოიწვია.

მართალია, რუსეთის ოფიციალური საბაჟო სამსახური აცხადებს, რომ ბარტერული გარიგებები მთლიანი ვაჭრობის „უმნიშვნელო წილს“ შეადგენს, თუმცა ექსპერტების პროგნოზით, მათი მოცულობა გაიზრდება.

ცნობისთვის: 2024 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი და ჩინეთი ბარტერული ვაჭრობის გარიგებებს განიხილავდნენ, რაც მოსკოვს აშშ-ის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-ისთვის გვერდის ავლასა და სავალუტო რისკების შემცირებაში დაეხმარებოდა. იმავე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ რუსულმა კომპანია Astarta-Agrotrading-მა და პაკისტანურმა Meskay & Femtee Trading Company-მ ბარტერული ვაჭრობის მექანიზმი ჩაუშვეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ