რუსები საახალწლოდაც საქართველოს ირჩევენ - ქვეყანა პოპულარობით მეორე ადგილზეა

თბილისი - ახალი წელი

რუსების 24% საახალწლოდ საქართველოში, სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გეგმავს დასვენებას, ხოლო 40%-ზე მეტი შიდა მიმართულებებს ირჩევს. ამის შესახებ მატარებლისა და ავიაბილეთების მოძიება-შეძენის სერვის “კუპიბილეტის” კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.

გამოკითხვაში 1500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ამდენად, საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირა ქვეყნები პოპულარობით მეორე ადგილზეა, ხოლო სამეულს აზიის ქვეყნები, კერძოდ, ტაილანდი, ვიეტნამი და მალდივები ხურავს, სადაც საახალწლოდ რუსების 13%-ს სურს დასვენება.

ამასთან, გამოკითხული რუსების, დაახლოებით, 50% მზად არის, მომავალი ახალი წლის მოგზაურობაში 100 000-დან 150 000 რუბლამდე (1200-დან 1800 დოლარამდე) დახარჯოს, ხოლო 42% 50 000 რუბლამდე (600 დოლარის) დახარჯვას გეგმავს. კვლევის თანახმად, მოგზაურთა უმრავლესობის ბიუჯეტი წინა წლების ანალოგიურია.

ცნობისთვის: აფხაზეთში წლევანდელ ზაფხულს, გასულ წელთან შედარებით, რუსების დაჯავშნები ყველაზე მეტად, ანუ სამჯერ გაიზარდა. შემდეგი თურქეთის სასტუმროები და განსახლების ობიექტებია, რომლებსაც რუსები ორჯერ უფრო ხშირად ჯავშნიდნენ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში წლევანდელ ზაფხულს ინტერესი, განსაკუთრებით, ყაზახეთში გაიზარდა, სადაც გასულ წელთან შედარებით დაჯავშნების 64%-იანი ზრდა დაფიქსირდა, შემდეგი 55%-ით სომხეთი, ხოლო საქართველო 37%-იანი ზრდით მესამე ადგილზეა. მოთხოვნის ზრდით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ყირგიზეთი (+27%), უზბეკეთი (+16%), საფრანგეთი (+21%), ესპანეთი (+15%) და იტალია (+5%).

ამასთან, წლევანდელ ზაფხულს დასასვენებლად ტოპ 3-ეულის ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებას შორის ბელარუსი, თურქეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთია. მიზეზად რუსები კარგ სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და უვიზო მიმოსვლას ასახელებენ. 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში, ასევე, შედის საქართველო, ყაზახეთი, სომხეთი, ტაილანდი, იტალია, უზბეკეთი და ჩინეთი.

საერთო ჯამში, წლევანდელ ზაფხულს რუსების მხრიდან საზღვარგარეთ სასტუმროების დაჯავშნების რაოდენობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.

bpn.ge