სომეხი ოლიგარქის დაკავების საპასუხოდ რუსეთი სომხური ყვავილების იმპორტს კრძალავს

ყვავილები

ერევანში სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის დაკავების შემდეგ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების მიწოდება შესაძლოა, შეჩერდეს. აკრძალვა ძალაში 27 ივნისიდან შევა.

ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ მიერ ევრაზიის ეკონომიკური კომისიისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რაც „ინტერფაქსს“ ინფორმირებულმა წყარომ გააცნო.

წყაროს ცნობით, უწყება სომხეთიდან ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების მქონე ყვავილების იმპორტის ასაკრძალად ემზადება. თავის გადაწყვეტილებას „როსსელხოზნადზორი“ ოფიციალურად იმით ამართლებს, თითქოს, სომხეთი „რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს სისტემატურად არღვევს,“ ხოლო სომხეთის საინსპექციო ორგანო ამაზე „არ რეაგირებს.“ უწყება, ასევე, შეშფოთებულია წელს იმპორტირებული სომხური ყვავილების მოცულობის მკვეთრი ზრდით და თანდართულ დოკუმენტებში ხშირ შეუსაბამობებზე მიუთითებს. კერძოდ, საქმე ეხება ყვავილების წარმომავლობის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას, მწარმოებლების შესახებ მონაცემების ნაკლებობასა და მესამე ქვეყნებიდან შესული საქონლისგან სომხური პროდუქციის გარჩევის შეუძლებლობას.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერევანში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებისთვის ოლიგარქ სამველ კარაპეტიანს ბრალი წარუდგინეს. კარაპეტიანი 18 ივნისს საკუთარ სახლში დააკავეს, მანამდე კი, 17 ივნისს სომეხმა სამართალდამცავებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, რა დროსაც 20 ადამიანი, მოგვიანებით კი ოლიგარქის სახლთან კიდევ 50 მისი მხარდამჭერი დააკავეს.

ოლიგარქი სომხეთის ეკლესიის მხარდაჭერის საბაბით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ის ამბობდა, თითქოს, ადამიანთა მცირე ჯგუფი ეკლესიას ებრძოდა, რასაც თავისებურად შეეწინააღმდეგებოდა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწე სომეხ ოლიგარქს უპასუხა, რომ სომხეთი კალუგის ოლქის რომელიმე სოფელი არ არის. პრემიერი, ასევე, კარაპეტიანის კუთვნილი და მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციის წინადადებით გამოვიდა.

Forbes-ის თანახმად, 59 წლის სამველ კარაპეტიანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 44-ე, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1102-ე ადგილზეა. მისი ქონება 3.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. სომეხ ოლიგარქს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევს არაერთხელ უკავშირებდნენ.

ცნობისთვის: სამველ კარაპეტიანი რუსეთში სამშენებლო-სამრეწველო კომპანიების ჯგუფ „ტაშირის“ მფოლებელია, რომლის ბრენდის ქვეშ 200-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. ესენია: უძრავ ქონებაში სავაჭრო ცენტრების ქსელი RIO, ენერგეტიკაში “სომხეთის ელექტრო ქსელები,” საბანკო სექტორში Fora Bank, სარესტორნო ბიზნესში 140-ზე მეტი ობიექტი და ა.შ.

bpn.ge