1730984410
ვიტამინის ინექციები: შემაშფოთებელი პრაქტიკა
დაღლილობის მოხსნის მიზნით ან ნაბახუსევობის (ჰენგოვერის) შესამსუბუქებლად ვიტამინების ინექციების გამოყენება ფრანგულენოვან შვეიცარიაში სწრაფად იზრდება. ეს ტენდენცია, მისი რეალური სარგებელისა და ჯანმრთელობისთვის პოტენციურ რისკის თანაფარდობის კუთხით, ბევრ კითხვას ბადებს.
სულ უფრო მეტი სპეციალიზებული „კლინიკა“ სთავაზობს მსურველებს ვიტამინის ხსნარების ინფუზიას, ზოგჯერ კი - 24-საათის განმავლობაში სახლში ექთნების ვიზიტსაც (ინფუზიების ჩასატარებლად). სოციალურ ქსელებში ხშირად გადის ამ სერვისის აგრესიული რეკლამა, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდა, მდიდარ აუდიტორიაზეა გათვლილი.
შვეიცარიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (RTS) გამოავლინა კლინიკები, რომლებიც ამ ნიშაზე ლოზანაში, ჟენევასა და გშტაადში მუშაობენ. მაგრამ ასეთი პრაქტიკა მხოლოდ შვეიცარიით არ შემოიფარგლება. ეს არის საერთაშორისო ფენომენი, ბიზნესი, რომელიც პოპულარულია ცნობილ ადამიანებში, გავლენიან პერსონებსა და მოგზაურებში.
თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკი
რამდენად რეალურია ამ ინექციების სარგებელი? ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის (CHUV) პროფესორის, პედრო მარკეს-ვიდალის თქმით, ამის დამადასტურებელი კვლევები არ არსებობს. უფრო პირიქით არის - C ვიტამინის ძალიან მაღალი დოზა წარმოადგენს თირკმელების ძალიან მტკივნეული კენჭების წარმოქმნის დადასტურებულ რისკს.
მარკეს-ვიდალს არანაკლებ აღელვებს ვიტამინების ზოგიერთ კოქტეილში ისეთი მედიკამენტების არსებობა, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებლები და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები. ის ასეთ „ჰანგოვერის ნაყენებს“ არაეთიკურად მიიჩნევს და ალკოჰოლის მიღების სტიმულატორადაც კი ასახელებს.
პაკეტები 1 500 შვეიცარიულ ფრანკად
კრიტიკას იწვევს ამ ინექციების ფასებიც. ზოგიერთი კლინიკა მომხმარებელს 1 500 შვეიცარიულ ფრანკამდე ღირებულების პაკეტებს სთავაზობს. მარილიანი ხსნარის მარტივი ინფუზია (მარილიანი წყალი მინერალებით) დაახლოებით 280 შვეიცარიული ფრანკი ღირს, ხოლო საინექციო ხსნარის მსგავსი შრატის პაკეტების შეძენა 2,30 შვეიცარიულ ფრანკად შეიძლება.
ლოზანაში არსებული კომპანია „Yuboost“-ის წარმომადგენელი, ალექსანდრა მაილსი მაღალი ფასების შესახებ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მასში შედის არა მხოლოდ სამედიცინო პრეპარატის, არამედ კონსულტაციისა და ინექციების გამკეთებული ექთნების მომსახურების ანაზღაურებაც. რაც შეეხება პაციენტის უსაფრთხოებას, მაილსის თქმით, ყოველი ინექციის წინ „ვრცელი სამედიცინო ანკეტა“ ივსება. ის დასძენს: „ყველა ვიტამინი, მინერალი და წამალი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, შვეიცარიის ბაზარზე დაშვებულია და Swissmedic-ის კატალოგში შედის“.
თუმცა, ეჭვები მაინც რჩება. განსაკუთრებით, ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებში, რომელიც საზოგადოებას ამ ინფუზიების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებენ. საუნივერსიტეტო კლინიკა ამ თემაზე სამედიცინო პუბლიკაციის გამოცემას გეგმავს.
წყარო: 1 არხი