„ვცდილობთ, რომ ბევრმა ადამიანმა გაიცნოს კამეჩის პროდუქცია“ - რა ღირს კამეჩისა და თხის რძის პროდუქტები?

რძე და რძის პროდუქტები

მთელი საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობთ და ვეძებთ მწარმოებლებს, რომლებიც დეფიციტურ პროდუქტებს აწარმოებენ, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „ა-კოკოს“ დირექტორმა ხატია ახალაიამ განუცხადა.

„ა-კოკო“ ამ ეტაპზე 15-მდე სახეობის პროდუქციას ყიდის, მათ შორისაა, კამეჩის რძის სულგუნი, ხაჭო, ნაღები და დაძველებული თხის ყველი. როგორც კომპანიის დირექტორი გვიყვება, დიდ ფერმებთან არ თანამშრომლობენ და ორიენტირებულები არიან ადგილობრივ მცირე მეწარმეებზე. ფასს რაც შეეხება, კამეჩის რძის სულგუნი 1,5 კგ 40.6 ლარი ღირს, ნადუღი 1 კგ. 10 ლარი, მაწონი 350 გრამი 6 ლარი, ხოლო 1 კგ. ხაჭო 35 ლარი.

„ჩვენი მანქანა-მაცივარი მიდის ადგილზე, სახლებში და ჩამოაქვს პროდუქცია. ძირითადად კამეჩის ნაწარმზე ვართ ორიენტირებული იმიტომ, რომ კამეჩები არიან გადაშენების პირას და ვცდილობთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და ბევრმა ადამიანმა გაიცნოს კამეჩის პროდუქცია. ის ძროხის პროდუქციაზე ორჯერ მეტ ვიტამინებს შეიცავს, უქოლესტერინოა და მისი რძისგან უფრო მეტი პროდუქტის მიღება შეიძლება“, - აღნიშნა ხატია ახალაიამ. 

რაც შეეხება თხის რძის პროდუქციას, მაგალითად თხის დაძველებული ყველი 1კგ. 40 ლარი ღირს. ახალაიას თქმით, მომწოდებლებს საბაზრო ფასზე მეტს უხდიან იმისთვის, რომ მათ დახვეწონ წარმოების მეთოდები.

„თხის რძეს ძირითადად დიეტურ პროდუქტებში ვიყენებთ, ვისაც დიაბეტი და ლაქტოზას აუტანლობა აქვს და ა.შ მათთვის. ჩვენი პროდუქტები არის სამეგრელოდან და არის სახლური. ჩვენი მიზანია, რომ მომწოდებლებმა მხოლოდ ბუნებრივი საკვებით კვებონ ცხოველები, რადგან ჯანსაღი პროდუქტები მივიღოთ. სამწუხაროდ, თხის ნაწარმის რეალიზება არ ხდება, ძირითადად სახლში მოიხმარენ. ფერმერებს დავპირდით, რომ საბაზრო ფასზე 15%-ით მეტს გადავიხდიდით თუ დახვეწავდნენ ჰიგიენურ სტანდარტებს, ვეხმარებით ასევე ჰასპის დანერგვაში,“ - განაცხადა ახალაიამ.

მოთხოვნა კამეჩისა და თხის რძის პროდუქტებზე დიდია, თუმცა, მიწოდება ჯერჯერობით არასაკმარისია. „ა-კოკო“ ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ქართველი ემიგრანტებიც ყიდულობენ კამეჩისა და თხის რძის ნაწარმს. დიდი მოთხოვნაა ამ კუთხით საბერძნეთიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, გერმანიდან და საფრანგეთიდან.

კომპანია მიზნად ისახავს სამომავლოდ კამეჩის რძის საწარმოს შექმნას, რათა ფერმერებმა საკმარისი რაოდენობის წარმოება და მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ.