120 ტონით შემცირებული მოსავალი - "აპიჯეო" 2023 წელს აჯამებს

თაფლი

საქართველოში თაფლის ყველაზე მსხვილი გადამმუშავებელი საწარმო აპიჯეოს“ წარმოება 2023 წელს კატასტროფულად შემცირდა.  კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე მიზეზად უამინდობას და მავნებლების გავრცელებას ასახელებს. კერძოდ, როგორც ჩიკვაიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, მხოლოდ  გასულ წელს 30 ტონა თაფლის გადამუშავება  მოხერხდა, როცა  2022 წელს ეს მაჩვენებელი 150 ტონას აღწევდა.

,,2023 წელს წარმოებაში ხუთჯერადი კლება განვიცადეთ, რაც დიდი წარუმატებლობაა. სამწუხაროდ, მიზეზი ჩვენგან დამოუკიდებელია, უამინდობა მთავარი პრობლემაა, რამაც ასევე მავნებლების გავრცელებას შეუწყო ხელი და ნედლეულის კატასტროფული სიმცირე გამოიწვია. მიუხედავად ამისა, არ ვნებდებით და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას გამოწვევების დასაძლევად, პირველ რიგში, ტექნოლოგიური ხაზი მაღალ დონეზე განვავითარეთ, ლაბორატორიული  დანადგარები შემოვიტანეთ, ამასთან,  ხელოვნური ინტელექტი დავნერგეთ. ტექნიკურ დონეზე არაერთი საკითხი გადაიჭრა, ვცდილობთ წარმოების მაჩვენებლები მკვეთრად გავზარდოთ. 2022 წელს 150 ტონამდე თაფლი გავიტანეთ ექსპორტზე და შარშან 30 ტონაზე მეტი პროდუქტის გატანა რეალურად ვერ მოხერხდა, კატასტროფული ვარდნა განვიცადეთ“, - აღნიშნა ერეკლე ჩიკვაიძემ.

,,აპიჯეოს“ პროდუქცია ექსპორტზე საფრანგეთში გადის. როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, ბაზრის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა უწევთ და ფიქრობენ, რომ წელს ამ მიმართულებით გარკვეული წარმატება მიიღწევა.

,,თაფლის საექსპორტო ბაზრებზე პრობლემა არ გვაქვს. მთავარია, რა მოთხოვნაც არის, უზრუნველვყოთ. ბაზრების რაოდენობა არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი,  ეს შეიძლება მეღვინეობისთვის არის აუცილებელი, ჯერჯერობით ერთი  კონკრეტული ბაზრის - საფრანგეთის მოთხოვნასაც ვერ ვპასუხობთ, რადგან ადგილზე წარმოების დიდი პრობლემაა. ქართული თაფლის ფასი ევროპულ საშუალო ფასზე მაღალია. ექსპორტზე, კონკურენტუნარიან საფასო სეგმენტში ადგილის დასამკვიდრებლად ესეც გარკვეულ დაბრკოლებას გვიქმნის“, - აცხადებს ერეკლე ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, კომპანია „აპიჯეო“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 40%-ს შეადგენს.კომპანიაში 16 ადამიანია დასაქმებული, აქტიურ სეზონზე მათი რაოდენობა 25- მდეა.

,,აპიჯეოს“ კომპანიას დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი და გააჩნია პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკუთარი შიდა საწარმო ლაბორატორია.