1733738781
"2024 წელს, სამიზნე ბაზრებზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ₾16 მლნ იქნება"
"ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, ეტაპობრივად, მცირდება და ქართული ღვინისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, რასაც კიდევ უფრო წაახალისებს საქართველოს მიერ მიღებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი," - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ღვინის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ.
როგორც ცნობილია, ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შესვლისთვის, 2024 წელს, სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება და 16 მილიონი ლარი იქნება.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს უკვე შერჩეული აქვს სტრატეგიული ბაზრები და მათ შორისაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს და რომლის ბიუჯეტიც 2024 წლისთვის 1.5 მილიონი ლარია.
რაც შეეხება მოლოდინებს ღვინის ფასებთან დაკავშირებით, ღვინის სექტორში ელიან, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის საშუალო ფასი მოიმატებს. მათ შორის გაიზრდება ქართული ღვინის ღირებულებაც. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გაზრდილია ქართული ღვინის საშუალო ხარისხიც.
შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველომ რეკორდული, თითქმის 253 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის რეალიზება შეძლო და სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტზე 106 ათასი ტონა ღვინო გაყიდა. 2022 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე, საშუალოდ, 2 დოლარი და 60 ცენტი იყო.
რაც შეეხება 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გასული წელი "ბიზნესპარტნიორთან" შეაჯამა და განაცხადა, რომ ვენახებისთვის არასასურველმა კლიმატური პირობებმა 2023 წლის ყურძნის მოსავალს დიდი დაღი დაასვა.
"შედეგად, 2017 წლის შემდეგ, ყურძნის ასეთი დაბალი რაოდენობის მოსავალი ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, რამაც შეამცირა ღვინის წარმოება და ექსპორტიც. ჯამში, 2023 წელს კახეთში 204 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო რაჭაში 1700 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 6 წლის მონაცემებით, ყველაზე ცუდი შედეგია. თუმცა, ცუდი მოსავლის მიუხედავად, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რეგიონებმა თითქმის ის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წელს", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.