„ერთი სპეციალისტი არ გვყავს ქვეყანაში - საქონლის კვება რომ დაგიბალანსოს, ისევ უცხოელებთან გვიწევს მუშაობა“

ძროხა

მერძევეობის დარგში კადრების დეფიციტია. როგორც მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას აღნიშნა, სექტორში არის განათლების პრობლემა, რის გამოც, ფერმერებს ხშირად ისევ უცხოელებთან უწევთ თანამშრომლობა.

თუმცა, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ნაწილობრივ ეს ანაზღაურების სიმცირეს უკავშირდება, რადგან როდესაც დარგი მოგებაზე ვერ მუშაობს, მას სახელფასო ბიუჯეტიც შეზღუდული აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მერძევეები ქვეყანაში იმპორტირებული, ფალსიფიცირებული პროდუქციის სიჭარბეზე მიუთითებენ, რაც მათი თქმით, ნედლი რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტების ფასს აგდებს, შესაბამისად, ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა არ არის.

„სექტორში არის განათლების, კადრების პრობლემაა. ერთი სპეციალისტი არ გვყავს ქვეყანაში. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ საქონლის კვება რომ დაგიბალანსოს და პასუხი აგოს კვებაზე, ისევ უცხოელებთან გვიწევს მუშაობა, 11 წელია უკვე ფერმა მაქვს.

ზოგადად კადრების დეფიციტია და კვალიფიციურის - კიდევ უფრო მეტად. მიზეზად მე უფრო ვიტყოდი იმას, რომ როდესაც ბიზნესი ვერ იგებს თანხას, იმას შეზღუდული სახელფასო ბიუჯეტიც აქვს. მართალია, ახლა ჩვენს ფერმებს მწყემსი არ სჭირდება, რადგან ეს არის კომფორტული ფერმები, აქ წესით, არ უნდა იყოს კადრების პრობლემა, მაინც არის. ზოგადად, უმუშევრობაა ქვეყანაში, არ ვიცი, ვინ რა სამსახურს ეძებს, მაგრამ ჩემს ირგვლივ, დამსაქმებლები, ყველა კადრებს ეძებს, მაგრამ არ არის. ალბათ, სათანადოდ ვერ ვუხდით ხელფასს, რომ მივიზიდოთ ეს ხალხი და აღარ წავიდნენ საზღვარგარეთ. ახლა ასეთი ტენდენციაც არის, რომ უცხოეთში უნდა წავიდეს. ერთი, რომ მართლა გაჭირვებაა, და მეორეა, ბევრი იქიდან რეკავს, აქ სად წამოვედიო. ფაქტია, რომ მართლა გვიჭირს კადრები“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.