1732180855
„ხეივანი მაქვს მოსაკრეფი და მუშას ვერ ვნახულობ - კადრების დეფიციტია, საუბარია ასი ათასობით ადამიანზე“
„საქართველოში გვაქვს სამუშაო ძალის უდიდესი პრობლემა, აქ საუბარია ასი ათასობით ადამიანზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შპს „აგრო 1959“- ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ძალა რთულად მოსაძებნი ხდება, რაც მოსავლის აღების კუთხით პრობლემებს ქმნის.
„მშენებლობა იქნება ეს, სერვისები თუ სოფლის მეურნეობა, არ არსებობს ეროვნული მეურნეობის არც ერთი მიმართულება, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტი არ არის. მუშა ძნელი მოსაპოვებელი ხდება, ადამიანს მოჰყავს პროდუქცია და აღება პრობლემურია. მე პირადად სოფელ რუისში ხეივანი მაქვს მოსაკრეფი და მუშას ვერ ვნახულობ იმიტომ რომ, ვინც მუშაობს, მათი სამუშაო დიდი ხნით ადრე გაწერილია,“ - დასძინა ხანიშვილმა.
გარდა კადრების დეფიციტისა, ხანიშვილი აღნიშნავს, რომ გაზრდილია მუშათა ანაზღაურებაც. უფრო კონკრეტულად, ამჟამად დღიური ანაზღაურება 70 ლარს აღწევს.
„ამავე დროს მკვეთრად გაიზარდა ანაზღაურება. დღიურად 25-30 ლარის ფარგლებში იყო და 60-70 ლარზეა ასული. დღეს სახელმწიფო პროგრამები მუშაობენ ისეთ ერთწლიან პროდუქტებზე, რაც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ეს არის ხელშემწყობი, 100 ათას ლარამდე არის პროგრამა, იღებ სესხს, სახელმწიფო 1 წლის მანძილზე გიფარავს 9%, ეს არის იაფი ფული, მაგრამ შენ თუ სამუშაო ძალა არ მოიპოვე, შეუძლებელია ამის ამოღება“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.