მეთხილე ფერმერებმა წელს ₾15.8 მილიონის აგროქულები მიიღეს – სამინისტრო

თხილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 45,380 მეთხილე ფერმერს საერთო ჯამში 15.8 მილიონი ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა.

აღნიშნული რესურსი ფერმერებს 31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად მიეწოდება.

უწყება წერს, რომ აგროქულების დარიცხვის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს და თხილის კადასტრში რეგისტრირებული ბაღები აქვს.

სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ფერმერებმა სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე გაანაღდეს 6.2 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს ახსენებს, რომ აგროქულების დარიცხვის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro.
დარიცხული ქულების გამოყენების საბოლოო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.