რა ჯდება საქართველოში ბლის ბაღის გაშენება და როგორია მოგება

ბაღი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს დათვლებით, საქართველოში 1 ჰა ბლის ბაღის გაშენების ხარჯი საშუალოდ 22 243 ლარს შეადგენს.

ამავე ცნობით, გათვლებში აღებულია 667 ძირი ჰექტარზე, ნერგის ფასი 6 ევროა.

როგორც ანალიზშია მოცემული, ბალი სრულ მსხმოიარობაში შედის გაშენებიდან მე-6 წელს. პირველი ხუთი წლის ჯამური ხარჯი შეადგენს 41 600 ლარს, შემოსავლები 45 000 ლარს და მოგება 3000 ლარზე მეტია. ხოლო მეექვსე წლიდან სავარაუდო მოგება იქნება 35 000 ლარი ჰექტარზე, იმ პირობებში, როდესაც მოსავლიანობა შეადგენს 15 ტონა/ჰა-ს.

აღნიშნული ანალიზის თანახმად, ბლისა და ალუბლის წარმოება მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ბლისა და ალუბლის ჯამური წარმოების 63%-ს ბალი იკავებს.

საქართველოსთვის ბლისა და ალუბლის პოტენციურ საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს შემდეგი ქვეყნები:

  • გერმანია
  • ნიდერლანდები
  • საფრანგეთი
  • იტალია
  • ავსტრია
  • პოლონეთი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • საუდის არაბეთი