როგორ უნდა გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კონკურენტული და რა გამოწვევების წინაშეა დარგი - ასოციაცია

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად, რომელიც არამხოლოდ სუბსიდირებას წაიღებს მუდმივად ბიუჯეტიდან, არამედ პირიქით ბიუჯეტში თანხებს შეიტანს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. ასოციაცია, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა ამ დროისათვის 20-მდე კომპანიას აერთიანებს.

„რაც შეეხება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მოცულობების ზრდას სეზონის მიხედვით ხდება. ზოგადად ეს დამოკიდებულებიცაა იმაზე თუ როგორი კლიმატური პირობები იქნება წლის განმავლობაში. 2023 წელი იყო ნაკლებად მოსავლიანია და წელს უფრო მეტ მოსავალს ველოდებით და შესაბამისად ექსპორტიც უნდა გაიზარდოს. გარკვეული პროგრამები, რომელიც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ჩაშვებული, იგივე „დანერგე მომავალი“ ან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები თავისთავად მოკლევადიან პერიოდზე არ არის გათვლილი და რამდენიმე წელიწადში ზრდის ტენდენცია უნდა იყოს სახეზე.

საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ზრდისთვის სამუშაო მართლაც, რომ ბევრია. თანამედროვე პირობებში გლობალურ ბაზარზე მკაცრი კონკურენციაა. პროდუქციას მხოლოდ საქართველო არ აწარმოებს, მოგეხსენებათ ჩვენი მეზობელი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ და გარკვეული მიმართულებით ჩვენ კონკურენციას გვიწევენ და შეიძლება ითქვას გვჯობნიან. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი და გემოვნური თვისებებით ჩვენ უკეთესი გვაქვს, მაგრამ მათ ფასი აქვთ დაბალი. ირანს და აზერბაიჯანს ენერგორესურსები აქვს აქვთ დაბალი ტარიფებით და შესაბამისად პროდუქციაც უჯდებათ იაფი. იქ მუშახელიც იაფია. ჩვენთან კი მუშახელის გადინება მოხდა და შესაბამისად ძალიან ბევრი მიწები არის დაუმუშავებელი. ფრაგმენტაცია არის ძალიან მაღალ დონეზე. ისედაც მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და ეს მიწებიც მცირე ნაწილებადაა განაწილებული. აღნიშნული რეფორმა თავის დროზე ძალიან არასწორად იყო ჩატარებული და ახლა ეს შედეგები რამენაირად უნდა გამოსწორდეს. უნდა მოხდეს მეურნეობების გამსხვილება, სახელმწიფომ ამაში საკანონმდებლო თვალსაზრისით უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასევე საგადასახადო კუთხით გარკვეული შეღავათები უნდა გაეწიოს სოფლის მეურნეობას, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, - აცხადებს საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ქვეყანაში ნახევარზე მეტი სასოფლო სამეურნეო სავარგულები ისევ დაუმუშავებელია.

„სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად, რომელიც არამხოლოდ სუბსიდირებას წაიღებს მუდმივად ბიუჯეტიდან, პირიქით ბიუჯეტში თანხებს შეიტანს. ამას სჭირდება გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა და სპეციალისტების ჩართულობა“, - ამბობს ბეჟიტაშვილი.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეისათვის როგორც ფინანსური ისე ზრდის თვალსაზრისით, ნომერ პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოცვი ვაშლატამა/ატამი და ციტრუსია.