საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

მონადირეობა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.

საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:

🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691

🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4

🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344

🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214

🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10

🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27

🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92

🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372

🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.

ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.

სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.