„სატაცურზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა“ - როგორი იქნება წელს პროდუქტის ღირებულება

სატაცური

სატაცურზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. როგორც "ბიზნესპრეანიუსთან" პროდუქტის მწარმოებელი "რკ ოზაანის" დამფუძნებელი ჯაბა გოგოლაშვილი ამბობს, ამის მიზეზი პროდუქტზე ცნობადობის ამაღლებაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა წარმოების ზრდის პარალელურად, ექსპორტზეც იფიქრებს.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ჯაბა გოგინაშვილი ამბობს, წელს სატაცურის ფასი დაახლოებით, 2 ლარით გაიზრდება. ამის მიზეზად კი საწვავისა და შხამქიმიკატების გაძვირებას ასახელებს.

„წარმოება, ფართობი კი გავზარდეთ, მაგრამ ჯერ სეზონი ახლა იწყება და მოსავალი როგორი იქნება, მაგას ვერ ვხედავთ. სანამ არ ამოვა და მოვრჩებით კრეფას, მანამდე თქმა მიჭირს.

ახლა უკვე 9 ჰექტარი გვაქვს ჩვენს კოოპერატივს. სულ თავიდან დავიწყეთ სადღაც ჰექტარ-ნახევარი, ორი ჰექტრიდან, შემდეგ სამი ჰექტარი დავამატეთ, მერე უკვე ყოველ წელს თითქმის ერთ ჰექტარს ან ჰექტარ-ნახევარს ვამატებდით ხოლმე. შარშან დავამატეთ სადღაც ორი ჰექტარი.

ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება რეალიზაცია. ჯერჯერობით არც ისეთი რაოდენობა გვაქვს, რომ ექსპორტზე ვიფიქროთ. ადგილობრივი ბაზარიც ჯერ აუთვისებელია და მაინცდამაინც დიდი აზრი არა აქვს ექსპორტზე გასვლას. წარმოებაში გარკვეულ რაოდენობას რომ მივაღწევთ, მერე შეგვიძლია უკვე დავიწყოთ.

რაც შეეხება ფასს, სავარაუდოდ ცოტა გაიზრდება. იმიტომ, რომ ამ დროისთვის გაძვირებულია ყველაფერი, საწვავი, შხამქიმიკატები, სასუქები, მუშახელი.

უკვე რამდენიმე წელია საშუალოდ 10-დან 12 ლარამდე ღირს [კილოგრამი]. ვიწყებთ 30 ლარიდან და პიკის პერიოდში ჩამოვდივართ, ამ თანხაზე. წელს, ალბათ 1-2 ლარით მოიმატებს, კილოგრამზე",- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

მისი თქმით, კომპანია მხოლოდ ქსელურ მაღაზიებს ამარაგებს, სადაც შესვლასა და გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს ჰქონია.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ქსელებში შემაქვს. ძირითადად "კარფური", "ნიკორა", თუ საჭიროა დამატებით, "გუდვილი", "აგროჰაბი". სატაცურზე მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა, ცნობადობასთან ერთად. ხალხი მიხვდა, რომ კარგი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება ქსელებთან თანამშრომლობას, რაც დავიწყე მათთან კომუნიკაცია, არავის ერთი თეთრი არ მოუთხოვია ზედმეტად. არანაირი ზედმეტი თანხა, არანაირი რაღაც სხვა გადასახადები. ყველაფერს თავის დროზე მიხდიან, ხელშეკრულებებით დათქმულ ვადებში. პირადად მე უკმაყოფილო არ ვარ მათთან თანამშრომლობით“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.