„შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რა შეიძლება დავამატოთ არსებულ აგროდაზღვევას“ - რა ალტერნატივა არსებობს

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის და შპს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორის გელა ხანიშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის დროს პრემიის 70%-ს სახელმწიფო იხდის. მისი თქმით, ეს 70% ფერმერის „სიმშვიდის ბილეთია“, თუმცა დაზღვევის მაჩვენებელი მაინც დაბალია.

ხანიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი აგროდაზღვევა კულტურებისა და რისკების დიდ ნაწილს ფარავს, თუმცა შესაძლებელია განიხილონ, როგორ უნდა გაფართოვდეს არსებული დაზღვევა.

„ისმის კითხვა, რატომ არ აზღვევენ? არ აზღვევენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სწორი შეხედულება ჩამოყალიბებული საკუთარი საქმის მიმართ, თავისივე გარჯას სერიოზულად არ უყურებენ და რისკებს არ აზღვევენ. როდესაც კრიტიკული მდგომარეობა დგება, ძალიან ხშირ შემთხვევაში ფერმერი ფიქრობს, ვის გადააბრალოს პასუხისმგებლობა და ამ სიაში საკუთარი თავი ყველაზე ბოლოს ჰყავს.

სადაზღვევო კომპანია არის ბიზნესი და იმაზე მეტ ზიანს არ აანაზღაურებს, რაც არის. ამ კომპონენტში შესაძლოა, მეტი სამუშაო იყოს - არის დაზღვევის სხვადასხვა შესაძლებლობა, მაგალითად როდესაც მეტეო სადგურების ქსელით მეტად იქნება დაფარული საქართველო, შესაძლებელი იქნება ანაზღაურება მოხდეს ევროპული მოდელის მიხედვით - მოვიდა სეტყვა, დააფიქსირა ეს სადგურმა და პირდაპირ იღებს ფერმერი სადაზღვევო პრემიას. აღარ სჭირდება ამ დროს სადაზღვევოს ადგილზე მისვლა, ის ამით ხარჯებს ამცირებს და ფერმერი გარანტირებულად იღებს პრემიას, მაგრამ იქამდე დიდი გზაა.

ერთადერთი დასაზღვევია საგაზაფხულო და საშემოდგომო წაყინვები. წაყინვების თემა არის ის, რაც მუშაობს აჭარაში ციტრუსთან დაკავშირებით. შეიძლება იმსჯელო იმაზე, თუ რა დაამატო და რით გააფართოო არსებული დაზღვევა, მაგრამ ჯერ ის გავაკეთოთ, რაც გვაქვს და მერე გაფართოებაც იქნება“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.