წელს ქვეყანა სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილის მოსავალს მიიღებს

თხილი

წელს ქვეყანა მოსავლის სახით, სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილს მიიღებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ  მერაბ ჭითანავამ განუცხადა. მისი თქმით, ასოციაციაში ამის ფიქრის საფუძველს, თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა აძლევთ, რომლით სარგებლობასაც ფერმერები 2023 წლის მსგავსად, წელსაც შეძლებენ.

„პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა და ის ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არაუმეტეს 3 ჰექტარისა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. თუმცა, სექტორში გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება და ერთ-ერთი მათგანი, ნიადაგის მჟავიანობაა“, - აღნიშნავს მერაბ ჭითანავა.

მისივე განმარტებით, თხილის გავრცელების რეგიონების უმეტეს ნაწილში, ძირითადად, მჟავე ან სუსტი მჟავის მქონე ნიადაგებია, ამიტომ მცენარის ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის, საჭიროა ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალება. „ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დავიწყეთ სპეციალური პროგრამა, რომელსაც ათასობით ფერმერი უკვე შემოუერთდა“, - აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

მან 2023 წლის შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უხვი ნალექის გამო, ქვეყანამ დაბალი რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი მიიღო, რამაც შეამცირა ფერმერების შემოსავალი. „ეს ვითარება დააკომპენსირა იმან, რომ 1 კილოგრამ თხილზე გასულ წელს ფასი გაიზარდა. ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე ის 17-იდან 18 ლარამდე ღირს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 12 ლარი ღირდა. საერთაშორისო ბაზრებზე კი, ამჟამად, კილოგრამი თხილის ფასი 8 დოლარია“, - განმარტავს მერაბ ჭითანავა.

როგორც მან აღნიშნა, თხილზე გაზრდილმა ფასმა ფერმერებს სტიმული მისცა, რომ თხილის ბაღები გააფართოონ და დამატებითი ინვესტიცია ჩადონ. "უცხოურ ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. გარდა ამისა, იზრდება თხილის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტიც“, - აღნიშნა ჭითანავამ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანამ 2023 წელს თხილის ექსპორტიდან 50 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, თუმცა გასული წლის მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ქარხნებში, ამიტომ, ექსპორტის პროცესი გრძელდება.

ბოლო წლებში, ხშირი ნალექის გამო, საქართველოში თხილის მოსავალი შემცირების ტენდენციას აჩვენებს. მაგალითისთვის, 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში 55 ათასი ტონა თხილი მოვიდა, მოსავლიანობა 2022 წელს 40 ათას ტონამდე შემცირდა. 2023 წელს კი მოსავალი მცირედით გაიზარდა და 45 ათას ტონას მიაღწია.