"ზარალი დიდია, ზოგ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ - ზოგან გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ" - ადგილობრივი თელავის სტიქიაზე

სტიქია თელავში

“ზოგიერთ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ”, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახის მეპატრონემ, გურამ გურგენაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ნაკვეთის ტერიტორიაზე, სადაც ადრე მოვლილი ვენახები იყო, ახლა ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტი დგას და იმ ადგილებში, ფაქტობრივად, ვაზის კიდევ ერთხელ გაშენება, შეუძლებელია.

"ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული - ზარალი დიდია"

„ჩემი ვენახი წინანდალშია. ვიდეოში რაც ჩანს, ნახევარი ჰექტარი ფართობია და ალბათ მინიმუმ, მისი 70% განადგურებულია.

ჩემს ქვევით ისეთი ნაკვეთებია, საერთოდ ვერ მიხვდებით, იქ თუ ვენახი იყო გუშინ. თან ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული.

ჩემი ვენახიდან დაიწყო და ქვევითა მხარეს წავიდა წყალი. სავარაუდოდ, მდინარემ კონკრეტულ ადგილას მთიდან ჩამოტანილი ხეები და მასა შეაგროვა, წყალი აღარ გავიდა, გადმოვიდა ვენახებისკენ და იმის ქვევით, ალაზნამდე, დიდი რაოდენობით ვენახები გააფუჭა.

ჯერ კიდევ დატბორილია. სანამ წყალი არ დაშრება, ჩემს ვენახზე ვერაფერს ვიტყვი, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რომ დაშრება, მერე გამოჩნდება - იქ კიდევ შეიძლება, რომ გავაშენო ვაზი თუ აღარ. შეიძლება, საერთოდაც გადამირჩეს ის დაწვენილი ვაზები, ფეხზე ავაყენო და გავმართო, შეიძლება - ვერც.

მაგალითად, ჩემს ქვევით ნაკვეთებში წყალი აღარ არის, მაგრამ ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტია. მეზობლად მდებარე ნაკვეთებში, რაც თვალით დავინახე, გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ.

მაგ ადგილას, სადაც მე ვენახი მაქვს, არავის ახსოვს, მსგავსი რამ მომხდარიყოს. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა. არ მგონია, წინასწარ ვინმეს განესაზღვრა ეგ. მდინარე საკმაოდ მოშორებულია ჩემი ვენახიდან და წარმოუდგენელი იყო, იქ წყალი თუ მოვიდოდა.

ზარალი ძალიან დიდია, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა”, - განაცხადა “ბიზნესპრესნიუსთან” გურამ გურგენაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი.

უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ამას გარდა, უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

BPN