რაც უფრო მეტი საფეხბურთო მოედანი გვექნება, მით მეტი კვარაცხელია გვეყოლება ჩვენს ქვეყანაში - რევაზ სოხაძე

სპორტი 1766141086
რევაზ სოხაძე

რაც უფრო მეტი საფეხბურთო მოედანი გვექნება, მით მეტი კვარაცხელია გვეყოლება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ფეხბურთთან, რაგბისთან დაკავშირებით ძალიან აქტიური ნაბიჯები იდგმება და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება სავარჯიშო მოედნები, სადაც ათასობით ბავშვს შეეძლება ივარჯიშოს.

„ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია ქვეყანა თანაბრად განვითარდეს და ნებისმიერ ადამიანს, იცხოვრებს ის თბილისში, ქუთაისსა, თუ ადიგენში, ჰქონდეს თანაბარ სერვისებზე წვდომა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტში უზრუნველვყოფთ იმას, რომ უახლოეს მომავალში ყველგან იყოს მულტიფუნქციური კომპლექსები, თუმცა ეს მხოლოდ სპორტული მიმართულებით არ იქნება. ასევე იქნება კულტურული ელემენტი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანებს ჰქონდეთ ამ მიმართულებით აქტივობების განხორციელების საშუალება. ფეხბურთთან, რაგბისთან დაკავშირებით ძალიან აქტიური ნაბიჯები იდგმება და ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სავარჯიშო მოედნები, სადაც ათასობით ბავშვს შეეძლება ივარჯიშოს. შეიძლება აქედან ყველა პროფესიონალი სპორტსმენი არ გამოვიდეს, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებას დიდად შეუწყობს ხელს და პროფესიონალი ფეხბურთელებიც ძალიან გვჭირდება. რაც უფრო მეტი საფეხბურთო მოედანი გვექნება, მით მეტი კვარაცხელია გვეყოლება ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ყველას გვახარებს ხოლმე“, - აღნიშნა სოხაძემ.