ამერიკელ მეცნიერებს მამონტის გაცოცხლება სურთ — Colossal-ის ამბიციური პროექტი

მსოფლიო 1742021100
მამონტი

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ინოვაციის აკვანია — სწორედ ამ ქვეყანაში შეიქმნა ინტერნეტი, პერსონალური კომპიუტერი, პროცესორი, ტელევიზორი და სმარტფონი. ამასთან, სწორედ ორ ოკეანეს შორის მყოფ ამ ქვეყანაში შექმნეს პოლიომიელიტის ვაქცინა, MRI-ის აპარატი, პირველი ხელოვნური გული და CRISPR-ის ტექნოლოგია, რომლითაც გენის მოდიფიკაცია შეგვიძლია.

ამ უკანასკნელ ტექნოლოგიას ეფუძნება ამერიკული Colossal-ი — კომპანია, რომელიც ცხოველთა გადაშენებული სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად. აღნიშნული კომპანია ჰარვარდისა და MIT-ის მეცნიერმა, გენეტიკოსმა ჯორჯ ჩერჩმა და სერიულმა ანტრეპრენიორმა ბენ ლემმა 2021 წელს დააფუძნეს. კომპანიის პროექტებს შორის ერთი განსაკუთრებით ამბიციურია: მეცნიერები ციმბირის ტუნდრაში მამონტის დაბრუნებას აპირებენ.

ბეწვიანი მამონტების გაცოცხლების იდეა ჯორჯ ჩერჩმა პირველად 2013 წელს გააჟღერა, როცა მეცნიერები ჯერ ნამარხებში აღმოჩენილი ანაბეჭდებიდან გადაშენებული ცხოველების გენომის რეკონსტრუქციას სწავლობდნენ, მოგვიანებით კი — გენეტიკურ ცვლილებებზე პასუხისმგებელი გენების აღმოჩენა და შეცვლა დაიწყეს. დოქტორ ჩერჩი ფიქრობდა, თუ როგორ შეეძლო გადაშენებული ცხოველის გაცოცხლება მისი გადარჩენილი ნათესავის გენების ცვლილებით – მისი აზრით, სპილოს გენების გამოყენებით ბეწვიანი მამონტის გაცოცხლება შეიძლებოდა.

გარდა წმინდა სამეცნიერო ცნობისმოყვარეობისა, დოქტორ ჩერჩს სხვა მიზანიც ამოძრავებდა. მისი თქმით, მამონტებს ტუნდრის გარემოს გაუმჯობესება შეუძლიათ ჩრდილოეთის ეს ეკოსისტემა, რომელიც ახლა ხავსითაა დაფარული, ოდესღაც უმეტესწილად მინდორ-ველებით გამორჩეული ადგილი იყო. მეცნიერების ვარაუდით, თავის დროზე, ბეწვიანი მამონტები ამ ეკოსისტემის ერთგვარი ინჟინრები იყვნენ, რომლებიც ხავსითა და ხის ნაყოფით იკვებებოდნენ, ხოლო ფეკალიებით ნიადაგს ანაყოფიერებდნენ.

ამ იდეას რუსი ეკოლოგებიც იზიარებენ, რომლებმაც ციმბირის ეკოსისტემის აღორძინების მიზნით იქ ბიზონები და სხვა სახეობის ცხოველები ჩაასახლეს. ჯორჯ ჩერჩის აზრით, მამონტების გაცოცხლებით ციმბირის მინდორ-ველებად გადაქცევას მეცნიერები უფრო ეფექტიანად შეძლებენ, რითაც მიწის გალღობის პროცესს შეაჩერებენ.

თავდაპირველად ჯორჯ ჩერჩი მამონტების მომრავლებას სპილოების ინ ვიტრო განაყოფიერებით აპირებდა, მაგრამ ამ იდეის არაპრაქტიკულობიდან გამომდინარე, ის მალევე უკუაგდო და მამონტების გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში გადაწყვიტა. ეს მიდგომა არ არის უპრეცედენტო — ფილადელფიის საბავშვო საავადმყოფოს მეცნიერებმა დიდი ზომის ჩანთის მსგავსი სივრცე შექმნეს, რომელშიც ბატკნის ემბრიონი ოთხი კვირის განმავლობაში ცოცხლობს.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან ჩერჩის იდეას მეცნიერები და ფილოსოფოსები ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით ეწინააღმდეგებიან: ერთნი ფიქრობენ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ნებისმიერი სარგებელი ამ მამონტების მიერ განცდილი ტანჯვის საპირწონედ უნდა განიხილებოდეს.

ჰარვარდის ბიოლოგის, ედვარდ ოსბორნ უილსონის დათვლებით, ყოველწლიურად, გადაშენებისაკენ ცხოველთა საშუალოდ 30,000 სახეობა მიექანება – ყოველდღე ცხოველთა 150 სახეობა გადაშენებისაკენ ერთი ნაბიჯს დგამს. „ცხოველთა მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, 2050 წლამდე დღეს არსებული ცხოველთა სახეობების ნახევარი გადაშენდება. „გაეროს“ დათვლებით, გადაშენების პირას მცენარეთა და ცხოველთა ერთი მილიონი სახეობა დგას, მათ შორის ამფიბიათა 40% და მარჯნის 33%.

Colossal-ის მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ რამდენიმე წელიწადში მამონტის მსგავს სპილოს ემბრიონებს შექმნიან და მათ ციმბირის ტუნდრების ეკოსისტემაში მოამრავლებენ. ამ გზაზე მყოფმა მეცნიერებმა ერთი აღმოჩენა უკვე გააკეთეს, როცა ახალი სახეობის თაგვი შექმნეს, რომელიც მამონტის ბეწვს ატარებს და მასთან ერთად სიცივესთან ადაპტაციის რამდენიმე ძირეულ თვისებას იზიარებს.