ერდოღანი: არ მჯერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება

მსოფლიო 1758694620
პუტინი, ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ამერიკულ Fox News-თან ისაუბრა. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის მალე დასრულება არარეალისტურია. ის შიშობს, რომ ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, რუსული და უკრაინული მხარის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ერდოღანმა უკრაინისადმი ფინანსური თუ სამხედრო დახმარების ლიმიტის არსებობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე აღარც ევროპას და აღარც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური კიევის დახმარებისთვის საკმარისი რესურსი აღარ ექნებათ. “რაც დრო გავა, ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით გაუჭირდებათ უკრაინისთვის დახმარების გაწევა” - განაცხადა ერდოღანმა.

არსებული მძიმე ვითარების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ოფიციალური ანკარას დიპლომატიური ტაქტიკის გაზიარება ურჩია. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ დასახელებული სახელმწიფოები ერთი კონკრეტული მხარის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ და რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებთან კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ. “წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის უმძიმეს ტვირთად იქცევა. ტვირთად, რომელსაც სწრაფად ვერ მოვიშორებთ” - განაცხადა პრეზიდენტმა.