„გამარჯობა დე, ტელეფონი გამიტყდა“ - 3 ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემა, რომლითაც მილიონებს იპარავენ: როგორ დავიცვათ თავი?

მსოფლიო 1782717559
ინტერნეტთაღლითობა

არავინ ფიქრობს, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდება, სანამ ეს რეალურად არ მოხდება. გასულ წელს თაღლითების მიერ ფულის მოპარვის რეკორდული, 4 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა BBC-ის პოპულარული შოუს, „მოღალატეების“ (The Traitors) მონაწილე სემ ლიტლიც, რომელმაც ე.წ. ფიშინგის მეშვეობით 40 000 ფუნტი სტერლინგი (საკუთარი დანაზოგი) დაკარგა.

წარმოგიდგენთ თაღლითების ყველაზე პოპულარულ ხრიკებს და გზებს, თუ როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან:

1. საბანკო მონაცემების ქურდობა: „გამარჯობა დე, ახალი ნომერი მაქვს“

სქემა: თაღლითები მასობრივად აგზავნიან შეტყობინებებს, სადაც წერენ: „გამარჯობა დე, ახალი ტელეფონი მაქვს“ ან გატყუებენ, თითქოს კურიერმა ამანათის მოტანა ვერ შეძლო. ამ გზით ისინი ცდილობენ თქვენი საბანკო მონაცემები მოიპარონ.

ამანათის შესახებ შეტყობინებას ხშირად მოჰყვება ბმული, რომელიც ოფიციალური საიტის მსგავს გვერდზე გადაგიყვანთ, სადაც თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანას გთხოვენ. მხოლოდ გასულ წელს ამ მეთოდით 423 მილიონი ფუნტი მოიპარეს.

როგორ დავიცვათ თავი: ჩაწერეთ და არ დააჭიროთ! სპეციალისტები გვირჩევენ, არასოდეს გადავიდეთ შეტყობინებაში მოსულ ბმულებზე. თუ წერენ, რომ მაგალითად, ფოსტიდან გიკავშირდებიან, თავად ჩაწერეთ ფოსტის ოფიციალური საიტი ბრაუზერში და იქ გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასევე, არასოდეს გაუზიაროთ სხვას ერთჯერადი პაროლი (OTP), რომელსაც ბანკი გიგზავნით.

2. „რომანტიკული“ თაღლითობა: „მიყვარხარ, ფული გამომიგზავნე“

სქემა: თაღლითი მსხვერპლს გაცნობის საიტზე პოულობს, დროთა განმავლობაში ნდობას მოიპოვებს და „ურთიერთობას“ აშენებს. შემდეგ კი იწყება ფულის თხოვნა - ხან ბილეთისთვის, რომ თქვენთან ჩამოვიდეს, ხან კი მოგონილი „უბედური შემთხვევის“ გამო. ისინი ხშირად სხვის ფოტოებს იყენებენ. მსხვერპლი საშუალოდ 10 გადარიცხვას აკეთებს, სანამ მიხვდება, რომ ატყუებენ.

როგორ დავიცვათ თავი: გამოიყენეთ ფოტოს საძიებო სისტემები (Reverse image search), რათა გადაამოწმოთ, ნამდვილად იმ ადამიანის ფოტოა თუ არა, ვისაც ესაუბრებით. არასოდეს გაუგზავნოთ ფული მას, ვისაც პირადად არ შეხვედრიხართ.

3. ყალბი საინვესტიციო შესაძლებლობები

სქემა: თაღლითები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რათა გააყალბონ ცნობილი ადამიანების ხმა თუ გამოსახულება, რომლებიც „სარფიან ინვესტიციებს“ გთავაზობენ. ზოგჯერ ისინი ოჯახის წევრების ხმასაც კი ჰბაძავენ. როგორ დავიცვათ თავი: თაღლითები ყოველთვის გიქმნიან განცდას, რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოთ. არ იჩქაროთ! ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმეთ კომპანია ოფიციალურ მარეგულირებელთან.

წყარო: bbc.com