iPhone 17 Air, Watch Ultra 3, AirPods Pro 3 - ყველა სიახლე, რომელიც Apple-მა წარადგინა

მსოფლიო 1757487762
iPhone 17 Air

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა Apple-მა შემოდგომის ყოველწლიური პრეზენტაცია ჩაატარა. გუშინ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება კომპანიის არსებობის ისტორიაში გამოშვებულმა ყველაზე თხელმა ტელეფონმა, iPhone 17 Air-მა მიიქცია, თუმცა ვიდრე მასზე უფრო ვრცლად მოგიყვებით, უნდა შევეხოთ არანაკლებ მნიშვნელოვან პროდუქტებს, რომლებიც Apple-მა წარადგინა. პრეზენტაციაზე აქცენტი ამჯერად მხოლოდ სამ პროდუქტზე, ყურსასმენებზე, საათებსა და ტელეფონებზე გაკეთდა.

პირველი მოწყობილობა, რომელიც კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა AirPods Pro 3 იყო. როგორც Apple-ში ამტკიცებენ, ახალი თაობის ყურსასმენს ხმის დახშობის კუთხით მსოფლიოში კონკურენტი არ ეყოლება. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ისეთ მსხვილ მოწყობილობებზე, როგორიც, თუნდაც AirPods Max-ი ან მისი კონკურენტები არიან. სავარაუდოდ, Apple მსგავს პრეტენზიას საფასო კატეგორიის ფარგლებში აჟღერებს. ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს ახალი ბალიშები ითამაშებს, რომლებიც შიგნიდან უფრო შევსებული იქნება და ნაკლებ გარე ხმას გაატარებს.

მართალია, ახალ ყურსასმენში ახალი ჩიპის ნაცვლად უკვე კარგად დავიწყებული H2 პროცესორი ჩაშენდება, თუმცა საინტერესო სიახლე გვაქვს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით. ამჯერად, Apple-მა ყურსასმენში გულის ცემის გასაზომი სენსორი ჩაამონტაჟა. აღნიშნულ სენსორს ასევე შეეძლება იმის დადგენა, თუ ვარჯიშისას რა რაოდენობის კალორია დაწვით. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა რამდენად დასჭირდება ის იმ ადამიანს, რომელსაც Apple-ის საათი უკვე აქვს, ეს სხვა საკითხია.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ახალ ყურსასმენს წინამორბედებისგან განასხვავებს, ეს საუბრის თარგმნის ფუნქციაა. Apple-ს სურს, წარსულს ჩააბაროს ის დრო, როცა უცხო ენის არცოდნა ადამიანებს შორის კომუნიკაციას აჭიანურებდა და მესამე პირის ჩართვის აუცილებლობას აჩენდა. AirPods Pro 3 ამიერიდან მისი მფლობელისთვის სწორედ მესამე პირად იქცევა. თუ თქვენ გამოელაპარაკებით ადამიანს, რომელიც ესპანურ, გერმანულ, პორტუგალიურ ან ფრანგულ ენაზე საუბრობს, ყურსასმენი მის სიტყვებს ინგლისურ ენაზე გადაგითარგმნით.

ალბათ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თავად როგორ შეგვიძლია გამოვეპასუხოთ მოსაუბრეს. აქ საქმეში თქვენი iPhone შემოვა. როცა ყურსასმენი თარჯიმნის როლს მოირგებს, AirPods-თან დაერთებული ტელეფონი თქვენ მიერ გაჟღერებულ ინგლისურ ფრაზებს შესაბამის ენაზე გადათარგმნის და მოპასუხეს ხმამაღლა წაუკითხავს. ცხადია, საუკეთესო შემთხვევა იქნება, თუ AirPods Pro 3-ის მფლობელი 2 პირი გამოესაუბრება ერთმანეთს, თუმცა თუ დარწმუნებული ხართ, რომ უცხოელთა გარემოცვაში აღმოჩნდებით, უმჯობესია, თქვენი iPhone მაინც თან იქონიოთ. აქვე უნდა ითქვას, რომ წლის ბოლომდე თარგმნა კიდევ 4 ენაზე გახდება შესაძლებელი. ესენია: იტალიური, იაპონური, კორეული და გამარტივებული ჩინური.

რაც შეეხება ფასს, მისი ღირებულება წინა მოდელის მსგავსად $249 დოლარი იქნება. ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე ოფიციალურ მაღაზიებში AirPods Pro 2-ის ფასი, საშუალოდ, 650-დან 950 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საათებს, ამ კუთხით კომპანიას არც წელს დაუშურებია ძალისხმევა და არა ერთი, არამედ 3 ახალი პროდუქტი შემოგვთავაზა. ესენია: Apple Watch Series 11, Apple Watch SE 3 და Apple Watch Ultra 3.

მომხმარებლის წინაშე პირველად მეთერთმეტე თაობის Apple Watch წარადგინეს. ახალი საათის მთავარი უპირატესობა 5G ტექნოლოგიის მიღებაა, რაც ანტენების დიზაინის ცვლილებით გახდა შესაძლებელი. საინტერესოა, რომ Apple-მა თარჯიმნის ფუნქცია გუშინ წარდგენილ საათშიც ჩააშენა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ტექსტური ფორმით იქნება შესაძლებელი. ახალ Apple Watch-ში აქამდე გამოყენებული S10 პროცესორი შენარჩუნდა, თუმცა რაც მას წინამორბედისგან განასხვავებს, ეს ბატარეის ხანგრძლივობაა. თუ მე-10 სერიის Apple Watch-ის გამოყენება მხოლოდ 18 საათით იყო შესაძლებელი, ახალი საათის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი სრულ 24 საათამდეა გაზრდილი.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც Apple Watch 11-ს და AirPods Pro 3-ს აერთიანებს, ეს ჯანმრთელობის საკითხია. გაცილებით მეტი და მძლავრი სენსორით აღჭურვილი საათი ამიერიდან შეგატყობინებთ, გაქვთ თუ არა ჰიპერტენზიის რისკებს. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად 9.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალება ამა თუ იმ ფორმით მაღალ არტერიულ წნევასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ რისკების აღმოჩენაში დაგეხმარებათ ახალი საათი. ამასთან, ის შეგატყობინებთ, შეიმჩნევა თუ არა გულისცემის რითმის არაბუნებრივი ცვალებადობა.

ცხადია, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ თავად Apple Watch-ის აგებულებას. კომპანია აცხადებს, რომ ახალი საათი ისტორიაში ყველაზე თხელია, თუმცა პრეზენტაციაზე კონკრეტული ციფრები არ გაჟღერებულა. ცნობისთვის, Apple Watch 10-ის სისქე 9.7 მილიმეტრია. რაც შეეხება ეკრანის დამცავ შრეს, Apple-ის მტკიცებით, მისი განახლებული კერამიკული საფარველი გაკაწვრისადმი ორჯერ უფრო მედეგი იქნება. აღსანიშნავია, რომ მე-11 თაობის Apple Watch-ის კორპუსი 100%-ით გადამუშავებული ტიტანიუმისა და ფოლადისაგან შედგება.

ვიდრე Apple Watch-ის ბიუჯეტურ საათზე გადავალთ, უნდა ვახსენოთ ფასი, რომელიც არც ამ შემთხვევაში შეცვლილა და $399 დოლარს შეადგენს.

ახლა კი დროა მივუბრუნდეთ რიგით მეორე საათს, რომელიც კომპანიამ წარადგინა და, მეტწილად, დამწყებთათვისაა განკუთვნილი. საუბარია, Apple Watch SE 3-ზე, რომელშიც ე.წ. always-on display ფუნქცია პირველად გამოჩნდება. კიდევ ერთი მსგავსება, რომელიც მას საბაზისო Apple Watch-თან ამიერიდან დააკავშირებს, ეს S10 ჩიპია, რომელიც მოწყობილობას მეტ შესაძლებლობას მისცემს. მესამე სერიის ბიუჯეტურ საათს ხელისა და მაჯის გამოყენებით ჟესტური მითითებების აღქმაც შეეძლება.

მართალია, წინამორბედის მსგავსად, Apple Watch SE 3-საც 18-საათიანი ბატარეა ექნება, თუმცა მისი დატენა ორჯერ ჩქარა იქნება შესაძლებელი. ამასთან, მე-11 სერიის საბაზისო Apple Watch-ის მსგავსად, 5G კომუნიკაციებზე წვდომა ამ მოდელსაც ექნება. რაც შეეხება ეკრანის დაცვას, ისიც კერამიკული საფარისაგან დამზადდება და წინამორბედთან შედარებით, გაკაწვრისადმი ორჯერ მედეგი იქნება.

ახალი ბიუჯეტური Apple Watch SE 3-ის ღირებულება 40-მილიმეტრიანი ეკრანის ქონის შემთხვევაში, ამჯერადაც $249 დოლარი იქნება, ხოლო თუ არჩევანს 44-მილიმეტრიან მოდელზე გააკეთებთ, ფასი $299 დოლარამდე გაიზრდება.

ვიდრე დაპირებულ iPhone 17 Air-ზე და, ზოგადად, iPhone-ების მე-17 სერიაზე გადავალთ, საათების კუთხით Apple-ის ფლაგმანს, Watch Ultra 3-ს უნდა შევეხოთ. საათს, რომელსაც 5G კომუნიკაციებთან წვდომა დღეს წარდგენილი სხვა ორი, შედარებით ბიუჯეტური მოწყობილობის მსგავსად ექნება. წინამორბედისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ბატარეის მოცულობა და ის 48 საათს აღწევს, თუმცა რამდენად ეყოფა აღნიშნული მაჩვენებელი ხანგრძლივ ლაშქრობაში მიმავალ ადამიანს, ეს მომხმარებელმა თავად განსაჯოს.

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც Watch Ultra 3-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სატელიტის გამოყენებით კომუნიკაციის შესაძლებლობაა. როგორც ცნობილია, ზოგადად, სატელიტთან წვდომა ამ სერიის საათებს აქამდეც ჰქონდა, თუმცა მათი მოხმარება მხოლოდ გადაუდებელი ვითარებაში დახმარების აღმოჩენისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი ნებისმიერ ადამიანთან რეგულარული მიმოწერაც გახდება ხელმისაწვდომი. აქვე სიცხადისთვის უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში და იაპონიაში იქნება ხელმისაწვდომი.

დიზაინის მხრივ, ახალი Watch Ultra 3 წინამორბედებისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდება და ერთადერთი ცვლილება თავად ეკრანის ზომას ეხება, რომელიც კიდეების დამოკლების ხარჯზე მინიმალურად გაიზარდა. სხვა მხრივ, ახალ საათს ყველა ის ტექნიკური თუ ტექნოლოგიური ფუნქცია ექნება ჩაშენებული, რაც Apple Watch SE 3-ს და მე-11 თაობის Apple Watch-ს.

მე-3 თაობის Watch Ultra-ს ღირებულება არც ამ შემთხვევაში გაზრდილა და მისი შეძენა $799 დოლარად იქნება შესაძლებელი.

მოვამთავრეთ ყურსასმენებსა და საათებზე საუბარი და გადავდივართ პროდუქტზე, რომელიც ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს. წელს Apple-ი საკითხს საკმაოდ უჩვეულოდ მიუდგა და, შეიძლება ითქვას, Max სერიების გამოჩენის შემდეგ პირველად, პრეზენტაცია ისე დაასრულა, რომ iPhone 17 Pro Max-ზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ რეალურად ამ კუთხით სათქმელი არაფერი იყო და ხაზგასმა მხოლოდ იმაზე, რომ Pro სერიის მოდელისაგან განსხვავებით, მას უფრო დიდი ბატარეა აქვს, კომპანიას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

მოვლენებს ძალიანაც რომ არ გავუსწროთ წინ, მივყვეთ ფაქტებს თანმდიმდევრულად. Apple-მა წელს iPhone 17-ის ხაზის 4 ტელეფონი წარადგინა. ესენია: iPhone 17, iPhone 17 Air, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max.

ცხადია, მათგან ყველაზე საინტერესო მომხმარებლისთვის iPhone 17 Air-ი აღმოჩნდა, რადგან კომპანიას არსებობის ისტორიაში ასეთი თხელი სმარტფონი არასდროს გამოუშვია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა საკითხი, რამდენად დიდი ბატარეა ექნებოდა ამ ტელეფონს, ასევე რა ჩიპი იქნებოდა მასში განთავსებული და როგორც აპირებდა კომპანია 1 კამერის გამოყენებით თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოკლედ, Apple-მა ყველაზე თხელი ტელეფონის წარდგენით ბევრი მაყურებელი მართლაც ყბა დაღებული დატოვა. როგორც გაირკვა, მისი სისქე სულ რაღაც 5.6 მილიმეტრია, წონა კი 165 გრამი. სამაგიეროდ, ახალი ტელეფონი მე-17 სერიის სხვა მოდელებს შორის ეკრანის სიდიდით მხოლოდ iPhone 17 Pro Max-ს ჩამორჩება. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, iPhone 17 Air-ის ეკრანის ზომა 6.5 ინჩია. ამასთან, ეკრანის განახლების სიხშირე კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად, 120 ჰერცამდე გაიზარდა და ProMotion-ის მხარდაჭერა მიიღო. Super Retina XDR ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე კი 3000 nits-ი იქნება. რაც შეეხება თავად გაკაწვრის საფრთხისგან ეკრანის დაცვას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი კერამიკული ფარის მედეგობა 3-ჯერაა გაზრდილი. ამასთან, ტელეფონს კერამიკული ფარი უკანა მხარესაც დაემატა.

საინტერესო სიახლე გვაქვს პროცესორის კუთხითაც. მცირე ადგილის მიუხედავად, iPhone 17 Air-ში ახალი A19 Pro ჩიპის განთავსება მაინც მოხერხდა. საუბარია უახლეს პროცესორზე, რომელზე ჩქარიც Apple-ის არცერთ სხვა წინა ტელეფონში არ გვიხილავს. ტელეფონში ასევე გაყენებულია C1X-ის მოდემი, რომელიც წინამორბედ C1-ზე ორჯერ უფრო სწრაფია და მომხმარებელს საკომუნიკაციო ანძებთან წვდომას გაუძლიერებს. ამასთან, ხელს შეუწყობს 5G ტექნოლოგიის შესაძლებლობების სრულყოფილად ათვისებას. ახალ ტელეფონში პირველად ჩაშენდა N1 ჩიპიც, რომლის მეშვეობითაც iPhone 17 Air-ს მფლობელებს Wi-Fi 7-ის, Bluetooth 6-სა და Thread-ის გამოყენების საშუალება ექნებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის უთხელეს ტელეფონში SIM ბარათის ჩასადები ადგილი აღარ იარსებებს და მომხმარებელს მხოლოდ ელექტრონული ბარათის გამოყენების საშუალება ექნება. რაც შეეხება ბატარეას, მისი მოცულობა მხოლოდ 3,149 ამპერი იქნება, რაც ტელეფონის ფორმების გათვალისწინებით გასაკვირი არც უნდა იყოს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამული განახლება, IOS 26 ბატარეის გამოზოგვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ამასთან, კომპანია iPhone 17 Air-ის შეძენის მსურველებს $99-დოლარიანი MagSafe-ის შეძენასაც ურჩევს, თუ მათ ტელეფონის ბატარეის არსებული მაჩვენებელი არ დააკმაყოფილებთ.

iPhone 17 Air-ზე საუბარს ვერ დავასრულებთ Apple-ის ტელეფონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, კამერის ხსენების გარეშე. ამ მხრივ, კომპანიამ დიზაინი ყველაზე მეტად შეცვალა. სმარტფონის უკანა მხარეს გაჩნდა ვრცელი ამოზნექილი კუნძული, რომელსაც Apple-ი პლატოს უწოდებს. აღნიშნულ პლატოზე კი iPhone 17 Air-ის შემთხვევაში განთავსდა მხოლოდ ერთი, 48 მეგაპიქსელიანი კამერა. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ. ფიუჟენ ტექნოლოგიის გამოყენება ამ დანაკლისს აღმოფხვრის. არსებული ინფორმაციით, ლინზის მოცულობამ Apple-ს საშუალება მისცა, 48-მეგაპიქსელიან კამერაში 12-მეგაპიქსელიანი 2X ტელეფოტო კამერაც ჩაეშენებინა. შესაბამისად, მომხმარებელი ტელეფონის უკანა მხარეს მეორე ეკრანის არარსებობას ვერ იგრძნობს.

საინტერესო სიახლე გვაქვს წინა კამერის კუთხითაც, რომლის მეგაპიქსელების რაოდენობაც iPhone 17 Air-ისა და შემდგომი მოდელების შემთხვევაში 12-დან 18 მეგაპიქსელამდე გაიზარდა. ახალი კამერის მთავარი უპირატესობა უზარმაზარი ოთხკუთხა სენსორია, რომელიც ლინზის ქვეშაა ჩაშენებული და ფოტოს გადამღებს მუდმივად ცენტრში აქცევს. სენსორი იმდენად ფართოა, რომ ე.წ. სელფის გადაღებისას თქვენ კამერის შორს გაწევა აღარ მოგიწევთ. სისტემა ავტომატურად გაშლის კუთხეს, რათა კადრში მოხვედრის მსურველი ყველა ადამიანი ჩაეტიოს. კიდევ ერთი განახლება, რომელიც ახალი iPhone 17-ის მფლობელებს ექნებათ, ეს ორმხრივი გადაღების ფუნქციაა. კამერის პარამეტრებში შესვლისას, თქვენ შეგეძლებათ მიუთითოთ, რომ გსურთ ვიდეოს როგორც წინა, ისე უკანა კამერებით გადაღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფუნქცია სხვა არაერთ კონკურენტს, მათ შორის Samsung-ს უკვე მრავალი წელია დანერგილი აქვს.

აი, ასეთია ახალი iPhone 17 Air, Apple-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე თხელი სმარტფონი, რომელიც $999 დოლარი ეღირება.

ვიდრე iPhone 17 სერიის მთავარ ფლაგმანზე, iPhone 17 Pro-ზე გადავალთ, მოკლედ უნდა შევაჯამოთ თავად iPhone 17-ც, რომელიც არამარტო შესაძლებლობებით, არამედ ფუნქციებითაც კი ჩამორჩება უთხელეს ტელეფონს. მისი ეკრანის ზომა 6.3 ინჩია, რაც, ცხადია, წინამორბედთან შედარებით, 0.2 ინჩით მეტია, თუმცა ე.წ. ლაინაფში მაინც ყველაზე მცირე ზომისად ითვლება. iPhone 17 Air-ის მსგავსად, ეკრანის განახლების სიხშირე ამ ტელეფონის შემთხვევაშიც 120 ჰერცამდეა გაზრდილი. შეთხელებულია კუთხეები და გაფართოებულია ტიტანიუმის კორპუსი. ამ სმარტფონის შემთხვევაშიც, გაკაწვრის წინააღმდეგ Ceramic Shield 2 გამოიყენება, რომელიც წინამორბედზე 3-ჯერ მედეგია.

რაც შეეხება კამერას, ამ შემთხვევაში, Apple-მა კვლავ 2 ლინზის შენარჩუნება გადაწყვიტა. მათგან ორივე 48-მეგაპიქსელიანია და ფიუჟენ ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სწორედ ამის დახმარებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, 2X ტელეფოტო და 4X ულტრა-გაფართოების სურათები გადაიღოს. წინა კამერა ამ შემთხვევაშიც 18 მეგაპიქსელამდეა გაზრდილი და iPhone 17 Air-ის მსგავსი სენსორითაა აღჭურვილი.

განსხვავებით ახლახან აღნიშნული ტელეფონისგან, iPhone 17-ს Pro სერიის ჩიპი არ უყენია და მასში მხოლოდ A19 ტიპის პროცესორია ჩამონტაჟებული. რაც შეეხება ბატარეის შესაძლებლობას, ის 3,692- ამპერიანია და iPhone 16-თან შედარებით 8 საათით უფრო მეტ ხანს ძლებს. iPhone 17-ის შიდა მეხსიერების საწყისი მოცულობა ამჯერად 128-იდან 256 გეგაბაიტამდეა გაზრდილი. რაც შეეხება ფერებს, რომლებშიც ის არის წარმოდგენილი, წელს Apple-მა აქცენტი ცისფერ, ვარდისფერ, მწვანე, თეთრ და მუქ ნაცრისფერ ფერებზე გააკეთა.

უცნობია, როდის ჩამოვა iPhone 17 საქართველოში, თუმცა მისი ღირებულება ოფიციალურად $799 დოლარი იქნება.

დასასრულს, უნდა ვახსენოთ Apple-ის ფლაგმანი პროდუქტი, iPhone 17 Pro და Pro Max-იც, რომლებზე ცალ-ცალკე საუბარიც, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ბატარეის მოცულობის გარდა სხვა მხრივ ორ სმარტფონს შორის არავითარი განსხვავება არაა. განახლებული Pro სერიის ტელეფონებში, ბევრისთვის მოულოდნელად, სრულად გაქრა ტიტანიუმის კორპუსი, რომელიც გასულ წლებში წარდგენილი სმარტფონების მთავარ ღირსებად ითვლებოდა. როგორც ჩანს, Apple-ი ალუმინს ტიტანიუმის არარენტაბელურობის გამო დაუბრუნდა. დაუბრუნდა და სრულიად ახალი დიზაინიც შემოგვთავაზა. დიზაინი, რომელშიც ცოტა ხნის წინ ნახსენებ ე.წ. პლატოს ვხვდებით. თუმცა, ამჯერად მისი ზომა და მოცულობა განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ის ერთდროულად 3 კამერას იტევს.

კამერების მხრივ წელს სერიოზული სიახლე არის ის, რომ Apple-მა 2022 წელს დაწყებული პროცესი ბოლომდე მიიყვანა და უკანასკნელი, მე-3 კამერაც 48-პიქსელამდე გააძლიერა. ამასთან ტელეფოტო ლინზის სენსორი 56%-ით გაიზარდა. მომხმარებელს კი საშუალება მიეცემა, 8X ოპტიკური მიახლოებით ისარგებლოს. რაც შეეხება წინა კამერას, მასაც iPhone 17 Air-ის მსგავსი 18-მეგაპიქსელიანი კამერა დაემატა.

ვიდრე პროცესორსა და ბატარეაზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანის ზომა Pro მოდელზე 6.3 ინჩს არ სცდება, Pro Max-ის შემთხვევაში კი 6.9 ინჩს აღწევს. ამჯერადაც, ეკრანის განახლების სიხშირე ორივე ზომის სმარტფონზე 120 ჰერცამდეა გაზრდილი. რაც შეეხება პროცესორს, ორივე ტელეფონში 3-ნანომეტრიანი უახლესი A19 Pro ჩიპია ჩაყენებული.

და ბოლოს, განხილვა უნდა დავასრულოთ ბატარეების მოცულობაზე საუბრით. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით Apple-მა საკუთარი რეკორდი მოხსნა და Pro Max სერიის სმარტფონში 5,000-ამპერიანი ბატარეა ჩააშენა. რაც შეეხება თავად Pro მოდელს, ამ შემთხვევაში მოცულობა 4,252-ს შეადგენს და 16%-ით უფრო დიდია, ვიდრე iPhone 16 Pro მოდელში.

iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max, დიდი ალბათობით, ის ორი ტელეფონი იქნება, რომელთაც ყველაზე მეტი მომხმარებელი გამოუჩნდება. მათი შიდა მეხსიერების საწყისი მოცულობა 256 გეგაბაიტი იქნება და Pro სერიის შემთხვევაში $1,099 დოლარად, Pro Max მოდელის შემთხვევაში კი $1,199 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო მათ, ვისაც 2-ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე iPhone 17 Pro Max-ის ყიდვა მოუნდებათ, $1,999 დოლარის გადახდა მოუწევთ.

აი, ასე ჩაიარა Apple-ისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა ღონისძიებამ, რომლის ფარგლებშიც 3 ტრადიციული მიმართულებით, ჯამურად 8 ახალი პროდუქტი ვიხილეთ.