ჯეფ ბეზოსს CNBC-ის ყიდვა სურს

მსოფლიო 1753441935
ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი, ჯეფ ბეზოსი CNBC-ის შეძენით არის დაინტერესებული - ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბეზოსმა ქსელის პოტენციურად შესყიდვის მიმართ ინტერესი, სავარაუდოდ, თავის ბიზნეს-პარტნიორებს გაუმჟღავნა.

CNBC წელს Comcast-ის შვილობილ კომპანია NBCUniversal-ს გამოეყოფა და ცალკე აქტივად გადაიქცევა. ის ახალი საჯარო კომპანიის, Versant-ის ნაწილი გახდება, რომელიც Comcast-ის საკაბელო აქტივების, მათ შორის, MSNBC-ის, USA Network-ისა და E!-ს მმართველი იქნება. მოელიან, რომ Versant საკაბელო ქსელ CNBC-ს, გაყიდვის ნაცვლად, განავითარებს.

ჯეფ ბეზოსს Comcast-ის მენეჯმენტთან პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ამასთან, Comcast-ისგან გამოყოფის შემდეგ Versant საგადასახადო წესების გამო ორი წლის განმავლობაში ძირითადი აქტივების, მათ შორის, CNBC-ის გაყიდვას ვერ შეძლებს.

Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის ქონება, დაახლოებით, 241 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო Comcast-ის ცნობით, Versant-მა გასულ წელს, დაახლოებით, 7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის: ჯეფ ბეზოსმა 2013 წელს Washington Post შეიძინა. მისმა გადაწყვეტილებამ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოცემას კამალა ჰარისის მხარდაჭერა შეეწყვიტა, რედაქციიდან რამდენიმე გავლენიანი თანამშრომლის წასვლა გამოიწვია, ხოლო 300 000-ზე მეტმა მკითხველმა გაზეთის გამოწერა გააუქმა.