რუსების მხრიდან სასტუმროების ადრეული ჯავშნების ზრდით საქართველო ლიდერობს

მსოფლიო 1766904060
რუსეთი

რუსების მხრიდან 2026 წლისთვის სასტუმროების ადრეული დაჯავშნები ყველაზე მეტად საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში გაიზარდა. ამის შესახებ სერვის Ozon Travel-ის კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.

კერძოდ, სასტუმროების ადრეული დაჯავშნები, წინა წელთან შედარებით, საქართველოში 6.7-ჯერ, ხოლო ცალკე აფხაზეთში 7.1-ჯერ გაიზარდა.

ზრდის მაჩვენებლით საქართველოს (აფხაზეთის ჩათვლით) ჩინეთი მოსდევს, სადაც განთავსების ადრეული დაჯავშნები, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. მესამე და მეოთხე ადგილებზე 5.2-ჯერადი თანაბარი ზრდით ყაზახეთი და უზბეკეთია, ხოლო ხუთეულს ვიეტნამი ხურავს, სადაც მომავალი წლისთვის სასტუმროების ადრეული დაჯავშნები 4.7-ჯერ გაიზარდა.

სერვისის ცნობით, „რუსი ტურისტები მომავალი წლისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობას სულ უფრო ხშირად ირჩევენ, რასაც სასტუმროების ადრეული დაჯავშნები მოწმობს. მომავალი წლის სიაში კვლავ ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და ბელარუსი ლიდერობენ, თუმცა რუსი მოგზაურების ყურადღებას აზიის ქვეყნები სულ უფრო მეტად იპყრობენ.“

რაც შეეხება მიმდინარე წლის შედეგებს, დაჯავშნების 86% რუსულ სასტუმროებზე მოდიოდა, ხოლო უცხოური სასტუმროების წილი გაიზარდა და მთლიანი დაჯავშნების 14%-ს მიაღწია.

წელს რუსების მხრიდან საქართველოში, ისევე, როგორც მონტენეგროში სასტუმროებზე მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა. ამით ეს ქვეყნები საუდის არაბეთს ოდნავ უსწრებენ, სადაც წელს ჯავშნები 4-ჯერ გაიზარდა. ეს შესაძლოა, რუსებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით იყოს გამოწვეული.

ყველაზე პოპულარული მიმართულებები თურქეთი, ბელარუსი და ტაილანდი იყო. თუმცა პოპულარობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ვიეტნამში დაფიქსირდა, სადაც სასტუმროების დაჯავშნა, გასულ წელთან შედარებით, ექვსჯერ უფრო ხშირად ხდებოდა.