მეცნიერებმა თუთიყუშებს ვიდეოზარით დარეკვა ასწავლეს

მსოფლიო 1748066520
თუთიყუში

ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და სევდიან პერიოდში მხარში ამოსადგომად და ბედნიერების დროს სიხარულის გასაზიარებლად სხვა ადამიანებს ვეძებთ. ბოლო დროს, ადამიანებს შორის ურთიერთობა ტექნოლოგიებმა, მათ შორის ვიდეოზარებმა გაამარტივა.

ტექნოლოგიის გავლენა აგრეთვე იგრძნობა ცხოველთა სამყაროში. ამერიკელმა მეცნიერებმა თუთიყუშებს ვიდეოზარით დარეკვა ასწავლეს. ფრინველები ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ და, როგორც კვლევის შედეგები აჩვენეს, ასე უფრო ბედნიერებიც არიან.

Northeastern University-ის, The University of Glasgow-ს და MIT-ის ერთობლივი კვლევის პირველი ორი კვირის განმავლობაში, სახლის თუთიყუშებმა დარეკვა ისწავლეს, რისთვისაც ღილაკს აჭერდნენ და რესპონდენტ თუთიყუშს ირჩევდნენ. კომუნიკაციას ფრინველთა მფლობელები აკვირდებოდნენ. თავდაპირველად, კვლევაში 18 ფრინველი მონაწილეობდა, მაგრამ მეორე რაუნდში მხოლოდ 15 გადავიდა.

მას შემდეგ, რაც ფრინველებმა დარეკვა ისწავლეს, კვლევის ავტორებმა მათ სრული თავისუფლება მისცეს, ანუ თუთიყუშები მეგობრებს მაშინ ურეკავდნენ, როცა სურდათ. ამ უფლებით ფრინველებმა 147 ჯერ ისარგებლეს და, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, თითოეული მათგანი გამიზნული იყო.

როგორც ირკვევა, თუთიყუშები ერთმანეთს პროაქტიურად ურეკავდნენ და თან, იმდენი ხანი “საუბრობდნენ”, რამდენი დროც ჰქონდათ მიცემული. ისინი ხვდებოდნენ იმასაც, რომ ეკრანზე ნამდვილი ფრინველი იყო გამოსახული და არა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო. რამდენიმე თუთიყუშმა კომუნიკაციით ისარგებლა და ციფრული მეგობრისგან არაერთი უნარი ისწავლა, მათ შორის ფრენა, საკვების მოპოვება და ახალი ბგერების გამოცემა.

მეცნიერების შეფასებით, ამ ექსპერიმენტის შედეგად თუთიყუშებს მეგობრობის უნარი ჩამოუყალიბდათ, რაც დასტურდება იმით, თუ რამდენად ხშირად რეკავდნენ ისინი სხვა კონკრეტულ ფრინველებთან. კიდევ ერთი დასკვნა ისაა, რომ თუთიყუში, რომელიც ყველაზე ხშირად რეკავდა, ზარებსაც ყველაზე ხშირად პასუხობდა, რაც ადამიანებში გავრცელებული საპასუხო სოციალიზაციის მსგავსი ფენომენია.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად კვლევაზე, რომელიც ბიოლოგიას ეფუძნება. თუთიყუშები სოციალური ფრინველები არიან და ბუნებაში დიდ ჯგუფებში ცხოვრობენ, მაგრამ ტყვეობაში ყოფნისას, მარტო რჩებიან, რის გამოც ხშირად უვითარდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელთა ყველაზე მკვეთრი გამოხატულება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაა.

ამრიგად, ამერიკელი მკლევრების მიგნებამ, შესაძლოა, მილიონობით სახლის თუთიყუშის ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.