1743496381
„მისიას შევასრულებ და წავალ“ - მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ტოვებს

„ვფიქრობ, ჩვენი სამუშაოს, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების 7-დან 6 ტრილიონამდე შემცირებაა, უდიდეს ნაწილს დათქმულ დროში შევასრულებთ“, - ასე უპასუხა ილონ მასკმა Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობას ეხებოდა.
მასკი ამბობს, რომ ეს „დათქმული დრო“ მაისის ბოლოა, როცა აშშ-ის ბიუჯეტი 6 ტრილიონ დოლარზე საბოლოოდ ოპტიმიზდება და ამის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენასაც აღარ აპირებს.
"თუ ეს პროცესი არ შევაჩერეთ, ამერიკის გემი ჩაიძირება"
„ბიუჯეტის 1 ტრილიონით შესამცირებლად 130 დღე გვჭირდება და თითოეულ დღეში 4 მილიარდი დოლარი უნდა ჩამოვწეროთ. თუ ეს თაღლითობები და გაყალბებები არ შეჩერდა, რის წინააღმდეგ ბრძოლაც ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის გემი ჩაიძირება. აი, რატომ ვაკეთებთ ამას.
მთავრობა ეფექტიანი არ არის, ბევრი გაფლანგვა და თაღლითობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბიუჯეტის 15%-იანი შემცირება შეიძლება ისე, რომ ამან მნიშვნელოვან სამთავრობო სერვისებზე გავლენა არ მოახდინოს“, - აღნიშნავს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.
DOGE-ის შეფასებით, 24 მარტის მონაცემებით, დეპარტამენტმა 115 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვა უკვე შეძლო და ეს სამუშაო ძალების შემცირებით, აქტივების გაყიდვითა და კონტრაქტების გაუქმებით გააკეთა.