1743496381
სოდიანი ტბები: შვეიცარიელმა მკვლევრებმა სიცოცხლის წარმოშობის კვალს მიაგნეს

ციურიხის (შვეიცარია) ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETH) მკვლევრები აცხადებენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე, შესაძლოა, ოთხი მილიარდი წლის წინ დიდ სოდიან ტბებში წარმოიშვა.
სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფოსფორი, რომელიც გენეტიკური მასალის - დნმ-ს - შემადგენელი ნაწილია. თუმცა, როგორც ETH-ის მიერ სამშაბათს გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ეს ელემენტი მცირე რაოდენობით მოიპოვება. ასე იყო იმ დროსაც, როდესაც სიცოცხლე წარმოიშვა.
ამიტომ, მეცნიერებმა დაისვეს კითხვა: სად შეიძლებოდა ყოფილიყო ფოსფორის მაღალი კონცენტრაცია დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ? ETH-ის მკვლევრებს უკვე აქვთ პასუხი ამ კითხვაზე: ისეთ დიდ სოდიან ტბებში, რომლებსაც ბუნებრივი დრენაჟი არ აქვთ. ასეთი ტბები წყალს მხოლოდ აორთქლების გზით კარგავენ. შედეგად, ფოსფორი რჩება წყალში, ნაცვლად იმისა, რომ მდინარეებმა და ნაკადულებმა წაიღონ. ასეთ სოდიან ტბებში ფოსფორის ძალიან მაღალი კონცენტრაციაა.
სოდიანი ტბები
აშშ-ს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2020 წელს აღნიშნეს, რომ სწორედ სოდიანი ტბები შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლის აკვანი. ETH-ის მკვლევრებმა ეს თეორია უფრო დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს. თუმცა, სიცოცხლის წარმოქმნისთვის ოპტიმალური პირობები ყველა სოდიანი ტბაში არ არსებობს. ერთ-ერთი მკვლევარი, კრეიგ უოლტონი ამბობს, რომ პატარა სოდიან ტბებში როგორც კი მათში სიცოცხლე დაიწყებდა განვითარებას, ფოსფორის მარაგი უფრო სწრაფად ამოიწურებოდა, ვიდრე მისი შევსება მოხდებოდა.
ამიტომ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ სიცოცხლე განვითარდა დიდ სოდიან წყალსატევებში და არა პატარა გუბურებში, როგორც ამას ჩარლზ დარვინი ვარაუდობდა.
კვლევის შედეგები ჟურნალ „Science Advances“-ში გამოქვეყნდა.
წყარო: 1tv.ge