რა ქონებას ფლობს სნუპ დოგი

მსოფლიო 1723363200
სნუპ დოგი

სნუპ დოგმა წარმატებით მოახდინა საკუთარი თავის რებრენდინგი, თავი შეაყვარა ახალ თაობას და მუსიკის გარდა, მთელს მსოფლიოში გააფართოვა თავისი ბიზნესინტერესები. დღეს საკულტო რეპერის ქონება 165 მილიონი დოლარია. თუმცა, მან ყველაფერი ძალიან პატარა ასაკში რეპერობით დაიწყო.

მუსიკის გარდა, სნუპის იმპერია მოიცავს ინვესტიციებს სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა საკვები, ტექნიკა, კანაფი და საკუთარი ბრენდირებული პროდუქტების წარმოებაც კი.

ის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც ყველას უყვარს. “მას მტრები არ ჰყავს,“ - ხუმრობენ კიდეც ინტერნეტში სნუპის მსმენელები. მილენიალების ხატმა - განგსტერმა რეპერმა იმიჯი შეიცვალა, მავნე ჩვევებზე უარი თქვა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სახე გახდა. The Drop It Like It's Hot-ის ავტორი ოლიმპიადიდან NBC-ის სპეციალური კორესპონდენტიც კი იყო. როგორც ჩანს, სნუპ დოგის მონაწილეობა NBC-ის ოლიმპიურ გაშუქებაში მხოლოდ მის ენთუზიაზმზე დაყრდნობით არ ხდება.

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ბიზნესმენმა და Forbes-ის 30-წლამდელთა ჯილდოს მფლობელმა ჰენრი ლ. მაკნამარამ, ცოტა ხნის წინ X-ზე დაწერა: “სნუპს დღეში 500 000 დოლარს უხდიან იქ ყოფნისთვის. პლუს სახარჯო თანხა“.

გრემიზე ნომინირებული არტისტი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, 26 ივლისს ჩავიდა და 11 აგვისტომდე დარჩება.

მაკნამარას თქმით, მოსალოდნელია, რომ სნუპი 16 დღეში დაახლოებით 8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

სნუპ დოგი ყურადღების ცენტრში 1993 წელს მისი სადებიუტო ალბომით Doggystyle მოექცა. მისი პროდიუსერი Dr. Dre იყო. როგორც ცნობილია, ალბომის გამოშვებიდან პირველივე კვირაში 800 000 ეგზემპლარი გაიყიდა. მომდევნო წლისთვის Doggystyle-მა მიიღო ოთხი პლატინის სერტიფიკატი.

2015 წლის ნოემბრის მონაცემებმა აჩვენა, რომ ალბომი გაიყიდა შვიდ მილიონ ეგზემპლარად შეერთებულ შტატებში და თერთმეტ მილიონზე მეტი - მთელ მსოფლიოში. 1990-იან წლებში სნუპ დოგი ყველა ჩარტის ლიდერი იყო. სნუპის გავლენა მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებოდა: მან ითამაშა მრავალ ფილმში და შეასრულა საუნდტრეკი ფილმისთვის "მკვლელობა იყო საქმე". ასევე გაამრავალფეროვნა თავისი შემოსავალი სატელევიზიო შოუებში მონაწილეობით, როგორიცაა Doggy Fizzle Televizzle და Snoop Dogg's Father Hood, რეალითი შოუ.

2000-იანი წლების დასაწყისისთვის სნუპი ჩამოყალიბდა, როგორც მრავალმხრივი მაგნატი. ხელს აწერდა მომგებიან გარიგებებს ისეთ მსხვილ ლეიბლებთან, როგორებიცაა Priority და Capitol Records. მისმა 2004 წლის ჰიტმა Drop It Like It's Hot საბოლოოდ მოიპოვა სასურველი ნომერ პირველი ადგილი Billboard Hot 100-ში. სნუპის ბიზნესინტერესები მუსიკასაც სცილდება. ის ფლობს კვების ობიექტებს, ტანსაცმლის ხაზს. ასევე ჩართულია ტექნიკურ ბაზარზე. რეპერს ასევე აქვს სათამაშო მოედანი ჰოლივუდში.

თავისი საინვესტიციო ფირმის Casa Verde Capital-ის მეშვეობით სნუპ დოგმა დიდი ინვესტიცია განახორციელა კანაფის ინდუსტრიაში. მას ასევე აქვს ბრენდირებული პროდუქტების საკუთარი ხაზი - Leafs By Snoop: კანაფზე დაფუძნებული ონლაინ შეკვეთის პლატფორმა Dutchie, 2021 წლის ბოლოს 3.75 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღეს, მისი რეალური კუმულაციური შემოსავალი უცნობია, მაგრამ სხვა შემსრულებლების მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობისთვის, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადეს გარდა ჩამოთვლილებისა, სნუპ დოგის კრიპტო და NFT სავარაუდოდ, 17 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი მთავარი NFT პაკეტები მოიცავს 45 მილიონი დოლარის კოლექციას Gala Music-ით და მრავალი NFT მიქსტეიპით. რეპერის სამეწარმეო სულისკვეთება ისეთივე ძლიერი აღმოჩნდა, როგორც მისი რითმები, რამაც მისი წმინდა ღირებულება 165 მილიონ დოლარამდე მიიყვანა.

წყარო: therichest.com