რა უჯდება მთავრობის „შათდაუნი“ აშშ-ის ეკონომიკას?

მსოფლიო 1761720837
აშშ

უკვე 28-ე დღეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის "შათდაუნი" გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლები ბიუჯეტის პროექტს ვერ ამტკიცებენ და საჯარო სექტორის ნაწილის მუშაობა დროებით გაჩერებულია.

ცხადია, მთავრობის "შათდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი უჯდება და ის აშშ-ის საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურად აისახება. უფრო კონკრეტულად, ხაზინის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის თქმით, "შათდაუნის" ყოველი კვირა აშშ-ის ეკონომიკას მინიმუმ $15 მილიარდი უჯდება.

თუკი დამოუკიდებელ ექსპერტებს დავუჯერებთ, რეალური დანაკარგის მოცულობა $30 მილიარდის ფარგლებშია, რადგან ის ფედერალური მუშაკები, რომელთაც თითქმის მთელი თვის განმავლობაში ანაზღაურება არ ერიცხებათ, ხარჯებს დრამატულად ამცირებენ, სესხებს ვერ ფარავენ და ინვესტირებას წყვეტენ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე გაცილებით უფრო დიდ ზეწოლას ახდენს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

თუ ეს კალკულაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აშშ-ის ეკონომიკური დანაკარგის მოცულობა უკვე აღწევს 75 – 150 მილიარდ დოლარს.

თავად დაპირისპირების საგანი ჯანდაცვის პროგრამაა, რომლის შეცვლა რესპუბლიკელებს სურთ, თუმცა დემოკრატები ამ ინიციატივას არ თანხმდებიან, ამიტომ ისინი ბიუჯეტის პროექტს არ ამტკიცებენ და მთავრობის გაჩერების გზით რესპუბლიკურ პარტიას კომპრომისზე წასვლას აიძულებენ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე "შათდაუნი" 100%-ით დემოკრატიული პარტიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და იმ ფედერალურმა მუშაკებმა, რომლებიც დღეს ანაზღაურებას ვერ იღებენ ან სამუშაო ადგილებს კარგავენ, პრეტენზიით სწორედ დემოკრატებს უნდა მიმართავდნენ.

ცხადია, იძულების მიზნით, საპასუხო ზომებს იღებს რესპუბლიკური პარტიაც, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით იმ ფედერალურ მუშაკებს ათავისუფლებს, რომლებიც დემოკრატიულ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.