1737970096
რით არსებობენ მსოფლიოს უმცირესი ქვეყნები?
გლობალურ ეკონომიკაზე საუბრისას, როგორც წესი, წამყვან სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას და მსგავს სახელმწიფოებს ვახსენებთ, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მათ ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. ბოლო მონაცემებით, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი $110 ტრილიონია და ის გაეროს მონაცემებით მსოფლიოში არსებულ 193 ქვეყანაზე არათანაბრად ნაწილდება.
მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების მქონე ქვეყნები მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან, რომლებიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. თითოეული ამ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მწირია, ხოლო ეკონომიკა — შეზღუდული. ეს ფაქტი, უმეტესწილად, ყველაფრისგან დაშორებული გეოგრაფიული მდებარეობით და მცირე ფართობით აიხსნება, რაც ამ მიწებზე ბუნებრივი რესურსების სიმწირეს განაპირობებს და შესაბამისად, ქვეყნებს იმპორტზე დამოკიდებულს ხდის.
მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სიმბოლური სტატუსი ტუვალუს ერგო — ცხრა კუნძლისგან შემდგარ სახელმწიფოს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც $70 მილიონია. კუნძულებზე ჯამში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ტურისტული საქმიანობით ან თევზჭერით არის დაკავებული, ხოლო თავად ქვეყანა შემოსავალს, უმეტესწილად, საერთაშორისო დონორებისგან იღებს. 2000 წელს, ტუვალუმ შემოსავლის მიღების ინოვაციური გზა მოიფიქრა და ქვეყნისთვის მინიჭებული ინტერნეტ-დომენის — .tv-ის — მედიასაშუალებებზე გაყიდვა დაიწყო.
ტუვალუსთან ერთად, ეკონომიკურად ყველაზე მცირე სახელმწიფოების ჩამონათვალში ნაურუსაც ვხვდებით, რომელიც ერთ დროს, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო. ნაურუ მინერალური სასუქების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფოსფატით იყო დაჯილდოებული, მაგრამ მოპოვების პრაქტიკა იმდენად არამდგრადი აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლებისთვის, ნაურუზე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, ხოლო ფოსფატის მარაგები ამოიწურა. ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას ნაურუმ ფეხი ვერ აუბა და ახლა, მისი ეკონომიკა $179 მილიონს შეადგენს, ხოლო ქვეყანაში 12,000 ადამიანი ცხოვრობს.
მცირე ეკონომიკების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით მარშალის კუნძულებს, რომელიც 1,156 კუნძულისგან შემდგარი სახელმწიფოა, სადაც 60,000 ადამიანი ცხოვრობს. ეს მცირე ზომის ქვეყანა, რაც უნდა უცნაური იყოს, მნიშვნელოვანი მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც კუნძულებზე სამხედრო იარაღის გამოცდებს ატარებს. სანაცვლოდ, მარშალის კუნძულებს და ამერიკას შორის განსაკუთრებული სავაჭრო და სავიზო პირობები მოქმედებს, რაც უმეტესწილად თევზჭერაზე დამოკიდებულ ქვეყანას უპირატეს პოზიციაში ამყოფებს, ხოლო მის მოქალაქეებს აშშ-ში ცხოვრების საშუალებას აძლევს. დღეს, მარშალის კუნძულების მთლიანი შიდა პროდუქტი $294 მილიონია და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ორ ქვეყანას უსწრებს მსოფლიოში.
მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ჩამონათვალში ასევე ვხვდებით კირიბატის — ქვეყანას, რომელიც ახალი წლის დადგომას ყველაზე ადრე ხვდება. ამასთან, კირიბატი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელიც ოთხივე ნახევარსფეროში მდებარეობს, რასაც 33 კუნძულის გაშლილი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. კირიბატის მთლიანი შიდა პროდუქტი $333 მილიონია, ხოლო ეკონომიკის მთავარი მდგენელებს თევზჭერა და კოპრის, ანუ ქოქოსის კაკლის გამხმარი გულის ექსპორტი წარმოადგენს, მაგრამ თავად ქვეყანა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას, რადგან კირიბატის კუნძულები, ნელ-ნელა, წყლით იფარება.
მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების ჩამონათვალში ბოლოდან მეხუთე ადგილს სამოთხისეული პეიზაჟებით დაჯილდოებული კუნძულოვანი სახელმწიფო პალაუ იკავებს, სადაც 18,000 ადამიანი ცხოვრობს. პალაუს არქიპელაგი 340 კუნძულისგან შედგება, რომელთა ეკონომიკური ლოკომიტივი — ტურიზმია. პალაუ, რომელიც თეთრი ქვიშით და ლაჟვარდოვანი სანაპიროებით გამოირჩევა, პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება აკვალანგით ყვინთვისთვის, რისთვისაც პალაუს ყოველწლიურად 100,000-მდე ტურისტი სტუმრობს. დღეს, პალაუს მთლიანი შიდა პროდუქტი $320 მილიონის ტოლია.