სოფლის მეურნეობა
მიწა
„ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება“ - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში

სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები რიგ შემთხვევებში უარს ამბობენ სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე. მიზეზად ძირითადად ასახელებენ სოფლად წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასს. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხობენ, გადამყიდველები მათგან პროდუქციას იაფად ყიდულობენ და შემდეგ ძვირად ყიდიან.ბაზრები, სადაც მათ ხელი მიუწვდება, მცირეა. ფერმერებს ზოგ შემთხვევებში პროდუქცია გასაყიდი რჩებათ ან იმაზე იაფად უწევთ გაყიდვა, ვიდრე საწარმოო ხარჯებია. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი კონკრეტული პროდუქციის მოყვანას წყვეტს.„როდესაც ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება და ვერ ყიდის თავის პროდუქციას, ის მომავალ წელს არც ფულს ჩადებს და აღარც შრომას და ენერგიას დახარჯავს ანალოგიური პროდუქციის მოყვანისთვის“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. საქსტატის მონაცემების თანახმად, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული თავისთავად აისახება სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზეც. მაგალითად, 2001 წლის შემდეგ მინიმუმზეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში 39.6%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2011 წლიდან 2023 წლამდე 11%-დან 6.9%-მდე შემცირდა.ქვეყანაში შემცირებულია სხვადასხვა კულტურის წარმოებაც. მაგალითად, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 6.5%-ით შემცირდა, ხოლო ქერის 26.9%-ით. გარდა ამისა, მცირდება ერთწლიანი კულტურების: ნიორი, კიტრი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვათა წარმოებაც. მნიშვნელოვნად, 22.2%-ით შემცირდა ყურძნის წარმოება და გასულ წელს 223.4 ათასი ტონას გაუტოლდა. შემცირებულია ნათესი ფართობები. კერძოდ, 2002 წელს თუ 215.7 ათას ჰექტარს მოიცავდა ნათესი ფართობები, 2023 წელს 205.2 ათასი ჰექტარი იყო.ამ ყველაფრის ფონზე ბეჟიტაშვილი იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ფერმერებს აქვთ. მისი თქმით, საქართველოში მეურნეობები ძირითადად მცირე მასშტაბისაა. ქსელურ მარკეტებში მცირე ადგილია ადგილობრივად მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. მიზეზი არის ის, რომ მცირე მეურნეობების გამო, ფერმერები ქსელებისთვის არ არიან სტაბილური მიმწოდებლები. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მეურნეობები გაიზარდოს.„რაც უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება მეურნეობა, მათ უკვე გაუადვილდებათ ურთიერთობა რითეილ სექტორთან, ექსპორტიორებთან და მათი პროდუქცია უფრო მარტივად გაიყიდება.უნდა მოხდეს გამსხვილება ფერმერული მეურნეობების. საქართველო არც ისე მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელი ქვეყანაა. თუ იქნება მსხვილმასშტაბიანი მიწების კონსოლიდირება, არცერთი გოჯი მიწა არ უნდა იყოს დაუმუშავებელი“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.როდესაც ვსაუბრობთ მეურნეობების გაზრდაზე, იკვეთება მიწის ფრაგმენტაციის პრობლემა. მიუხედავად რეგისტრაციის რამდენიმე ტალღისა, ფერმერების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სახნავ-სათესი მიწები რეგისტრირებული.„მიწების ფრაგმენტაცია სანამ საქართველოში იქნება და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არ იფიქრებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არ მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, პრობლემა სულ იქნება“, - დასძინა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.დაბოლოს, როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.

1715067938

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1715087501

ოთარ კიტეიშვილი
კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ხმების 36%. მან აჯობა ბენ ბობჟიენს (2%), მარინ ლიუბიჩიჩს (27%, ლეოპოლდ ქუერფელდს (23% და რონივალდოს (11%).ოთარ კიტეიშვილმა 30-ე ტურში „ჰარტბერგთან“ ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა (1:1).ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „შტურმი“ 4 ქულით უსწრებს „ზალცბურგს“, ასე რომ, ოთარ კიტეიშვილი ძალიან ახლოსაა კარიერაში პირველად გახდეს ავსტრიის ჩემპიონი.ქართველს ავსტრიაში თასი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონობა კი, ჯერ არ მოუპოვებია.

სხვადასხვა 1715083604

სემეკი
სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო პრო ჯორჯია” დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

ენერგეტიკა 1715083062

ბაზისბანკი
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა.საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ.ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო სადილი გაიმართა.„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საამაყო და მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან მსგავსი სახის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბიზნესი 1715082634

წვიმიანი ამინდი
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:„ხვალიდან ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა, კვირის ბოლოს, პარასკევს, შაბათსა და კვირას კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხვალიდან უკვე მოიმატებს და +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში კი მიმდინარე დღეებში შესაძლოა ზოგან +30 გრადუსამდეც დათბეს. შაბათ-კვირას კვლავ წვიმიანი, ქარიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც დაიკლებს. მიმდინარე დღეებში ნალექი შენარჩუნდება მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე კახეთშიც. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა დაიკლებს“, - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

საზოგადოება 1715082001

შაქარი
რუსეთი შაქრის ექსპორტს კრძალავს - რა წილი აქვს ქართულ ბაზარზე

რუსეთმა ლერწმის და ჭარხლის შაქრის, ასევე ქიმიურად სუფთა საქაროზის ექსპორტი დროებით აკრძალა. შეზღუდვა ძალაში იქნება 2024 წლის 31 აგვისტომდე.რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს „სურსათის შიდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას“.დადგენილებაში გამონაკლისის სახით შეტანილია 4 ქვეყანა, სადაც ექსპორტი კვლავ განხორციელდება: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა წილი აქვს საქართველოში შაქრის იმპორტში რუსეთს. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ სამ თვეში რუსეთის წილი შაქრის იმპორტში მცირე (0.87%) იყო, მეტიც საანგარიშო პერიოდში რუსეთს იმპორტიორთა შორის მე-7 ადგილი ეკავა. კერძოდ, მიმდინარე წლის სამ თვეში იმპორტირებულია 10,226 მლნ დოლარის 12,735 ტონა შაქარი, საიდანაც 88 680 დოლარის, 125 ტონა რუსეთზე მოდის.ცნობისთვის, საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები საფრანგეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, ბელგია, მაროკო და აზერბაიჯანი არიან.2024 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში, ქვეყნების მიხედვით, ჯამური მონაცემები ასე გამოიყურება:🔵საფრანგეთი - 4,171 მლნ დოლარის 4,930 ტონა🔵 თურქეთი - 2,104 მლნ დოლარის 2,874 ტონა🔵 ნიდერლანდები - 2,077 მლნ დოლარის 2,462 ტონა🔵 ბელგია - 1,057 მლნ დოლარის 1,485 ტონა🔵 მაროკო - 456 ათასი დოლარის 572 ტონა🔵 აზერბაიჯანი - 97 ათასი დოლარის 112 ტონა🔵 რუსეთი - 88.68 ათასი დოლარის 125 ტონა

საზოგადოება 1715079906