„ადგილობრივი რძე არის იმდენად ძვირი, რომ ევროპულ ფასებსაც უსწრებს რიგ შემთხვევებში“ – „სანტე“

ბიზნესი 1770809528
სანტე

„ადგილობრივი რძე არის იმდენად ძვირი, რომ ევროპულ ფასებსაც უსწრებს რიგ შემთხვევებში“ – ამის შესახებ „სანტეს“ იურისტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ნედლ რძეს მთლიანად ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმებიდან. ადგილობრივი რძე არის ძვირი, იმდენად, რომ ევროპულ ფასებსაც უსწრებს რიგ შემთხვევებში და ეს არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ნედლეულის ფასი. ჩვენ გვყავს რამდენიმე პარტნიორი ფერმა, რომელიც გვაწვდის ადგილობრივად წარმოებულ ნედლ რძეს. იმპორტირებული რძე არ გვაქვს. თუ მოხდება ისე რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმებს ვგულისხმობ, რომელიც რძეს აწარმოებს, რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან ამით გაიაფდება ქვეყანაში რძე და ნედლეულის გაიაფება საბოლოო პროდუქტის გაიაფებასაც გამოიწვევს.

რაც შეეხება რითეილერებთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ ძალიან სენსიტიური საკითხია, ამის კომპლექსური შესწავლა უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად გატესტილი მეთოდებით, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს,“- განაცხადა „სანტეს“ იურისტმა.

მისივე თქმით, მათ კომპანიას პირდაპირი ურთიერთობა არ აქვს ქსელებთან, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ რეტრობონუსები იგივე ე.წ. ქეშბექი იზრდება ქსელური მარკეტების მხრიდან.

პირდაპირი ურთიერთობა ჩვენ ქსელებთან არ გვაქვს, პირდაპირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ჩვენ გვყავს შუამავალი კომპანია, რომელსაც ვაწვდით პროდუქციას და ის აწარმოებს ქსელებთან მოლაპარაკებას. ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს რეტრობონუსები იზრდება. არის ქსელში შესვლის გადასახადი, რეტრობონუსები იგივე „ქეშბექი“, რომელიც ხშირად მიბმულია გაყიდვებზე,“ - განაცხადა „სანტეს“ იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა იმართება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიები.

BPN