დუბაის შოკოლადმა მოგვცა შესაძლებლობა მასობრივ სეგმენტზე გავსულიყავით - SpaceBox

ბიზნესი 1729584896
SpaceBox

დუბაის შოკოლადმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ მასობრივ სეგმენტზე გავსულიყავით, - ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან" Spacebox-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ანუკა კაკაბაძე აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, დუბაის შოკოლადმა კომპანიის სხვა პროდუქტების სტიმულაციაც გამოიწვია და საერთო ჯამში, გაყიდვების ხელშეწყობა მოხდა.

„წლიდან წლამდე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წლის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პროცენტით და როგორ არის გაზრდილი გაყიდვები. ბოქსების გაყიდვა მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის ბოქსი - „კოსმოსური სიყვარული". ჩვენს პროდუქციას 80% სასაჩუქრედ ყიდულობს და მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან. გარდა ამისა, გვაქვს კორპორატიული შეკვეთებიც“, - აცხადებს ანუკა კაკაბაძე.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ SpaceBox ასორტიმენტს გაზრდას გეგმავს და დაახლოებით, 3 კვირაში ახალ პროდუქტს დაამატებს.

ამ ეტაპზე 8 სახეობის ბოქსი გვაქვს, საიდანაც 2 სულ რაღაც ორი კვირის წინ დაგვემატა. ახალი ბოქსები არის პატარა უფლისწულის და ზოდიაქოს თემატიკით. გარდა ამისა, დაახლოებით, 1 თვეში დაგვემატება ბოქსი სახელად - Planet of Love, რომელიც იქნება დიდი გულის ფორმის ფილა, რომელიც იქნება სხვადასხვა თემატიკით მოხატული. შიგნით ჩავდებთ, მათ შორის, დუბაის შოკოლადის შიგთავსს და სხვ. შესაბამისად, ამჟამად რაც გვაქვს იმ ბოქსებთან შედარებით, ეს განსხვავებული პროდუქტი იქნება“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

ანუკა კაკაბაძის თქმით, შოკოლადის წარმოება ევროპიდან შემოტანილი ნედლეულით ხდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგემებს - SpaceBox-ი თბილისში სტენდის გახსნას განიხილავს. 

ცნობისთვის, ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია SpaceBox-ი ბაზარზე, დაახლოებით, 4 წლის წინ გამოჩნდა, რომლის საწარმო თბილისში მდებარეობს.