"ევროკოდების რეფორმა, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს" - ნინო ჩოხელი

ბიზნესი 1701344369
ნინო ჩოხელი

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ევროკოდების რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის პროგრამები "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" და  Usaid-ის "ეკონომიკური მმართველობის პროგრამა" თანამშრომლობას,  "ელემენტ ჰოლდინგთან" იწყებს.

როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელმა გადაცემაში  "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, თავად პროგრამის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა და კანონმდებლობის დანერგვაა, რომელიც საქართველოში ასოცირების დღის წესრიგისა  და DCFTA-ის ხელშეკრულების ვალდებულებებს წარმოადგენს, მათ შორისაა სამშენებლო რეგულაციები.

საუბარია, წლების განმავლობაში ევროკავშირში დამკვიდრებული ნორმების ინტეგრაციაზე, რომელიც შენობებისა და ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე, ამასთან კონსტრუქციული ნაწილების წესებს უზრუნველყოფს.

მისი ინფორმაციით, კანონმდებლობა ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, უსაფრთხოებას და კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

"ჩვენი პროგრამა, უშუალოდ ამ რეფორმაში ბოლომდე არ არის ჩართული, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დავიწყეთ, რომელსაც წინ უძღოდა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" მიერ შემოტანილი წინადადება, ევროკოდებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობა იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობაა, არამედ იმიტომ, რომ ამ სექტორის შემდეგ ეტაპზე გადასვლის საწინდარი იყოს.

მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც "ელემენტ ჰოლდინგთან" თანამშრომლობა დავიწყეთ, USAID-ისთვის ახალი მიდგომაა, რომელიც გლობალურადაც და მათ შორის, ჩვენი პროგრამის ფარგლებშიც ძალიან აქტიურად ინერგება,"-აცხადებს ჩოხელი.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა კერძო სექტორის ჩართულობას, განვითარების ამოცანების გადაჭრაში გულისხმობს.

ჩოხელის განმარტებით, ყველა მიმართულებით, რაზეც მუშაობენ მინიმუმ სამი სხვადასხვა მხარის ჩართულობა ხდება, ეს იქნება სახელმწიფო, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანო თუ სხვა. აღნიშნული დამოკიდებულია რეფორმის თემატიკაზე, თუ რომელი მხარეა დაინტერესებული. კერძო სექტორთან თანამშრომლობა USAID-ისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ახლა უფრო სისტემატიზებულად და მასშტაბურად მოხდება.

რაც შეეხება ევროკოდების საკითხზე საქართველოში მზაობას, ჩოხელი განმარტავს, რომ ამ მხრივ მზაობა ძალიან მაღალია, რადგან წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის ამ თემატიკის ახსნა, პოპულარიზაცია და გარკვეული სიკეთეების დანახვა ხდებოდა.