გადამდებია თუ არა ბორელიოზი?

ბიზნესი 1749647230
psp

შესაძლებელია თუ არა, ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება, სხვა ადამიანისგან გადაგედოთ? დღეს სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით და ბორელიოზის გავრცელების სხვადასხვა პოტენციურ შესაძლებლობას განვიხილავთ.

ბორელიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Borrelia burgdorferi, ხოლო იშვიათ შემთხვევებში Borrelia mayonii იწვევს.

Borrelia burgdorferi ადამიანის ორგანიზმში ფრინველებისგან ან ცხოველებისგან (მაგალითად, ირმები და თაგვები) დაინფიცირებული ტკიპას ნაკბენით ხვდება.

შესაძლებელია თუ არა ბორელიოზის გადადება სხეულის სითხეებით?

ბორელიოზის ბაქტერია შეიძლება აღმოჩნდეს სხეულის სითხეებში, როგორებიც არის:

  • ნერწყვი;
  • შარდი;
  • დედის რძე.

თუმცა არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ლაიმის დაავადება ადამიანებს შორის სხეულის სითხეებთან კონტაქტით ვრცელდება.

რამდენად შესაძლებელია ლაიმის დაავადების სქესობრივი გზით გადადება?

ბორელიოზის სქესობრივი გზით გადადების პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი ორად იყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებულმა  ბორელიოზით დაავადებული ადამიანების სპერმასა და ვაგინალურ სეკრეტებში ცოცხალი სპიროქეტები (სპირალური ფორმის ბაქტერიები) აღმოაჩინა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ინფექციის გასავრცელებლად საკმარისი სპიროქეტები არსებობს.

შეიძლება ბორელიოზით დაავადება სისხლის გადასხმის შედეგად?

სისხლის გადასხმის გზით ბორელიოზის გადადების დოკუმენტირებული შემთხვევები არ ფიქსირდება.

თუმცა 1990 წელს ჩატარებულმა  დაადგინა, რომ ბორელიოზის სპიროქეტს შეუძლია, სისხლის შენახვის პროცედურებს გადაურჩეს. ამ მიზეზით, ბორელიოზით დაავადებული ადამიანების მიერ სისხლის გადასხმა რეკომენდებული არ არის.

შესაძლებელია ლაიმის დაავადების გადადება ორსულობისას?

ბორელიოზის მქონე ორსულმა ქალმა, რომელსაც არ უმკურნალია, შეიძლება ინფექცია ნაყოფს გადასცეს. თუმცა, თუ ის სათანადო მკურნალობას ჩაიტარებს, არასასურველი შედეგები ნაკლებად სავარაუდოა.

ორსულობის შემთხვევაში ლაიმის დაავადების მკურნალობის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს იმ გამონაკლისით, რომ პაციენტმა ტეტრაციკლინის ოჯახის ანტიბიოტიკები არ უნდა მიიღოს.

შესაძლებელია ბორელიოზით დაავადება შინაური ცხოველებისგან?

შინაური ცხოველებიდან ადამიანებზე ბორელიოზის გადადების პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა, სახლში ლაიმის დაავადების მატარებელმა ტკიპამ ძაღლების ან/და სხვა შინაური ცხოველების საშუალებით შემოაღწიოს. კბენის შემთხვევაში კი ეს ტკიპა ადამიანს ბორელიოზით დააავადებს.

კარგი პრაქტიკაა შინაური ცხოველების ტკიპებზე შემოწმება მაღალ ბალახში, ბუჩქნარში ან ტყიან ადგილებში ყოფნის შემდეგ.

სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიქციოთ

ბორელიოზის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია და ისინი მრავალი სხვა დაავადების ნიშნებს ჰგავს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ჩვეული სიმპტომი:

  • სამიზნის ფორმის მსგავსი წითელი გამონაყარი;
  • დაღლილობა;
  • გრიპის სიმპტომები, როგორებიც არის თავის ტკივილი, ცხელება და ზოგადი სისუსტე;
  • სახსრების ტკივილი ან შეშუპება;
  • სინათლისადმი თვალის მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფობია);
  • ემოციური ან კოგნიტური ცვლილებები;
  • ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა წონასწორობის დაკარგვა;
  • გულის პრობლემები.

როგორია პრევენციული ღონისძიებები?

თუ წელიწადის ცხელ სეზონზე ღია ადგილებში, განსაკუთრებით კი ბუნებაში გადიხართ, ბორელიოზის თავიდან ასაცილებლად შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • ატარეთ დახურული ტანისამოსი;
  • შეისხურეთ მწერების საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება;
  • სახლში დაბრუნების შემდეგ შეამოწმეთ საკუთარი სხეული, ტანისამოსი და შინაური ცხოველიც, თუ გარეთ მასთან ერთად იყავით.

ბორელიოზის სამკურნალოდ ხშირად ნიშნავენ ანტიბიოტიკ აზიმაკს. მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტები და განსაკუთრებით, ანტიბიოტიკები, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.