გერმანული სტარტაპი - ევროპაში პრივატული კუპეების მქონე ღამის მატარებლების ქსელი ჩაეშვება

მატარებელი

გერმანულმა სტარტაპ Nox-მა ღამის მატარებლების ახალი ქსელის გაშვება დააანონსა, რომელზეც მგზავრებს ერთ ან ორადგილიან კერძო საძილე კუპეებს შესთავაზებენ.

ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.

ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ ასეთ მატარებლებზე ბილეთები ავიარეისების ღირებულებაზე ძვირი არ ეღირება.

პირველი რეისები 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

მატარებლებს სამი კატეგორიის კუპე ექნება:

  • ერთადგილიანი ზედა საწოლით, სავარძლითა და მაგიდით
  • ორადგილიანი ზედა საწოლით, ორი სავარძლითა და მაგიდით
  • ორადგილიანი ზედა და ქვედა საწოლით, რომელთაგან ქვედა სავარძლად გარდაიქმნება

სამივე კატეგორიის კუპეს ორმეტრიანი საწოლი და საკმარისი ადგილი ექნება, რომ მგზავრი წამოდგეს და ბარგი შეინახოს. ასევე, ზოგიერთ კუპეს ფანჯრები პანორამული ხედებით ექნება.

კუპეების დიზაინი Nox-ს საშუალებას მისცემს, თავის მატარებლებში, ტრადიციულ ოპერატორებთან შედარებით, უფრო მეტი მგზავრი განათავსოს.

„დღეს ადამიანებს თავიანთი კუპეების უცნობებთან გაზიარება უწევთ, რომელშიც საწოლები ვიწროა, ხოლო ბილეთი ხშირად საჰაერო მგზავრობაზე უფრო ძვირი ღირს. ჩვენ ამის შეცვლა გვსურს, რომ ღამის მატარებლები ევროპული მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ,“ - აცხადებს Nox-ის თანადამფუძნებელი, ტიბო კონსტანტი.

თავად კონსტანტის მოგზაურობებს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი გამომწერი ადევნებს თვალყურს. მან მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი ღამის მატარებლით იმგზავრა და ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ ახალი საძილე ვაგონების დიზაინზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

ტარიფები 35-ზე მეტ ევროპულ მარშრუტზე იქება ხელმისაწვდომი, ხოლო 2035 წლისთვის Nox-ს ღამის სარკინიგზო ქსელის გაბმა მთლიანობაში 100 ევროპულ ქალაქს შორის სურს. მათ შორის არის პარიზი, ბარსელონა, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ვარშავა, ბუდაპეშტი და რომი. კომპანიის მიზანია, ქსელი მოკლემაგისტრალიანი რეისების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცეს, ხოლო ბილეთის ფასი ავიაბილეთების ღირებულებას არ სცდებოდეს.

დაინტერესებულ მოგზაურებს დაგეგმილი განრიგისა და ფასების ნახვა Nox-ის ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ. კერძოდ, ერთადგილიან კუპეზე ფასები 79 ევროდან, ხოლო ორადგილიანზე 149 ევროდან იწყება. ბორტზე საკვებითა და სასმელით მომსახურება იქნება ორგანიზებული, ასევე, ველოსიპედებისა და შშმ პირების ეტლებისთვის ადგილი გამოიყოფა.

მოგზაურებს უკვე შეუძლიათ, უფასო კლუბ Early Bird-ს შეუერთდნენ, რომ მოვლენებზე ინფორმირებული იყვნენ და ფასდაკლებებსა თუ ადრეულ დაჯავშნებზე წვდომა მიიღონ.