1762599540
ჯანსაღი სასმელების მწარმოებელმა კომპანია „ჰენკამ“ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა
„ჰენკას“ პროდუქცია პირველად გაიგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში პროდუქციის ექსპორტი იგეგმება ისრაელშიც.
„სიახლე გვაქვს - ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგზავნეთ პირველი ექსპორტი, ხოლო უახლოეს დღეებში იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ისრაელშიც.
ინტერესი თანდათან იზრდება, განსაკუთრებით კომბუჩას მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ჩვენი ექსპორტიორი კომპანია ოპერირებს, როგორც ევროპული პროდუქტის იმპორტიორი შტატებში და ერთგვარი კონკურსი შედგა კომბუჩას მიმართულებით, სადაც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და ა.შ. სადაც ჩვენი "ჰენკა"-ს ქართული კომბუჩა შეირჩა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ევროპული სტატუსით წარვსდექით და ვპოზიციონირებთ აშშ ბაზარზე.
ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები - აზერბაიჯანთან და მეზობელ ქვეყნებთან ხოლო წლის ბოლომდე ველოდებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას “, - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე.
"ჰენკა“ გაზაფხულისთვის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
„გაზაფხულისთვის ვგეგმავთ ახალი მიმართულების დამატებას. ეს იქნება ფუნქციური სასმელების ხაზი. ამ ეტაპზე პროდუქტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ძალიან საინტერესო პროდუქტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკისა და კანადის ბაზრებზე “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების გაფართოება შედის.
„გვაქვს ამბიცია, რომ ჯანსაღი სასმელების წარმოებაში მოწინავე ადგილი დავიკავოთ, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ვგეგმავთ ტექნიკური შესაძლებლობებისა და წარმოების წარმადობის გაუმჯობესებას, ასევე წარმოების გაფართოებასაც “, - აღნიშნავს გიორგი ჯირკვალიძე.
აღსანიშნავია, რომ „ჰენკას კომბუჩა“ ფერმენტირებული ჩაია, რომელიც დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე.



