„ლილთე“ ყაზახეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს

ბიზნესი 1729585891
"ლილთე"

აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია "ლილთე" ყაზახეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანანო ეზიეშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს,  აღნიშნულისთვის მუშაობას კომპანია, მომდევნო წელს დაიწყებს.

მისი თქმით, "ლილთეს" პროდუქცია მცირე რაოდენობით იტალიისა და საფრანგეთის ბაზარზეც გაიყიდა, თუმცა ყაზახეთიდან დაინტერესება, თითქმის 2 წელია არსებობს.

ჩვენს პროდუქციას უკვეთენ უცხოეთიდანაც. ამჟამად ექსპორტის წილი დაახლოებით, 10%-ს შეადგენს. ყაზახეთის ბაზრის უკეთ ათვისების შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება სხვა ბაზრებზე ვიფიქროთ“, - აცხადებს ანანო ეზიეშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება. მისივე ინფორმაციით, კომპანიის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი შარფია, რომელსაც ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ.

„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ აღნიშნული ბიზნესი 18 ლარად დავიწყე. ჩვენ ვაცოცხლებთ მოგონებებს და ინდივიდუალური დიზაინით ვაწარმოებთ შარფებს, ჩანთებს, ქუდებს, მამაკაცის ბალაკლავებს და სხვა აქსესუარებს. ჯამში, დაახლოებით, 10-მდე დასახელების პროდუქტი გვაქვს.

გარდა ამისა, დავამატეთ ახალი სერვისი. მომხმარებლისთვის სასურველი ფოტო შეგვიძლია გადავაქციოთ სკეტჩად და მისგან ნებისმიერი პროდუქტი დავამზადოთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, თუმცა , გვყავს 10 კორპორატიული კომპანიაც, რომელთანაც მუდმივად ვთანამშრომლობთ. კორპორატიული მომხმარებლების წილი ჩვენს შეკვეთებში, დაახლოებით, 20%-ია“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია "ლილთე", რომელიც ნივთებს მნიშვნელოვანი ემოციების და მოგონების მიხედვით ქმნის, ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. "ლილთე" სვანური სიტყვაა და მატყლის ძაფად გადაქცევის პროცესს ნიშნავს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, ხოლო მათი საწარმო თბილისში მდებარეობს.