„ოქტომბერში ჩვენი ნაწარმი 6-10%-ით გავაძვირეთ“ – „ზარაფხანა“

ბიზნესი 1762236768
ოქროს ბეჭდები

მსოფლიოში საიუველირო ოქროს ნაწარმზე მოთხოვნა მცირდება, საქართველოში კი, შედარებით იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განაცხადა, მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით.

ცნობისათვის, მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council, WGC) მონაცემებით, საიუველირო ნაწარმზე 23%-იანი შემცირება ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, WGC-ს მონაცემებით, წელს ამ მიმართულებით შესყიდვებმა 419.2 ტონა შეადგინა, 2024-ის მესამე კვარტალში კი 546.5 ტონა.

„წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია. გვქონდა პერიოდები, როდესაც აქტივობა დაბალი იყო, თუმცა საერთო ჯამში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით მოთხოვნა საიუველირო ნაწარმზე მომატებულია. ნოემბერსა და დეკემბერში კიდევ უფრო ზრდას ველოდებით“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფასებს, თორნიკე სამხარაძის თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ცდილობდნენ, ფასები არ გაეზარდათ, თუმცა საბოლოოდ გაძვირება მოუწიათ.

„მოგეხსენებათ, ოქროს ფასმა თავის მაქსიმუმს მიაღწია სულ ცოტა ხნის წინ, ახლა შემცირებულია, თუმცა საერთო ჯამში, ოქროს ფასი მაღალ ნიშნულზეა. ბოლო მომენტამდე ვცდილობდით, ფასები არ გაგვეზარდა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებში 6%-ით გავაძვირეთ ჩვენი ზოგიერთი საიუველირო ნაწარმი, ზოგიერთი - 10%-ითაც. საიუველირო ნაწარმის ზოგიერთი ნაწილი კი იგივე ფასი ღირს, რაც ადრე“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ოქროს ფასები ბოლო ერთ თვეში 4%-ით, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში 46%-ით არის გაძვირებული.

bpn.ge